logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ჩვენი პირობა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებას, საპარლამენტო კენჭისყრის დროს ექნება სრული მხარდაჭერა - შესრულდება
- +

13 ივნისი. 2020. 20:53

 

 

ჩვენი პირობა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებას, საპარლამენტო კენჭისყრის დროს ექნება სრული მხარდაჭერა  - არის ძალაში და შესრულდება. პარლამენტი უკვე  19 ივნისიდან დაიწყებს ამ ცვლილებების განხილვას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში  განაცხადა, რომელმაც, კონსტიტუციური კანონის პროექტის რიგით მეორე საყოველთაო-სახალხო განხილვას უმასპინძლა.

 

 

 

არჩილ თალაკვაძემ კანონპროექტით შეთავაზებულ სიახლეებზე დეტალური განმარტებები გააკეთა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კანონპროექტი კონკრეტულად საარჩევნო სისტემის ცვლილებას ეხება. მისივე თქმით, კონსტიტუცია 2018 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად შეიცვალა და დღეს საქართველოს მოსახლეობას აქვს ეროვნულ ფასეულობებსა და ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის დოკუმენტი, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს.

 

 

 

მაშინ, პირველად, უახლეს პოლიტიკურ ისტორიაში, ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა ძალამ  - „ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებაში ყოფნისას, მიიღო ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და შეცვალა საარჩევნო სისტემა.დღევანდელ კონსტიტუციაში უკვე არის ასახული რომ ჩვენი ქვეყანა სრულად პროპორციულ სისტემაზე გადადის 2024 წელს. ეს არის უკვე მოცემულობა, ჩვენ მაშინ გვქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა,  დავპირდით საზოგადოებას, რომ ამ ცვლილებას ჩავწერდით კონსტიტუციაში და ის უკვე ასახულია ქვეყნის მთავარ დოკუმენტში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას შეახსენა ისიც, რომ მაშინ და შემდგომაც, აზრთა სხვადასხვაობა იყო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თარიღთან დაკავშირებით. არსებობდა ძალიან მყარი არგუმენტები, თუ რატომ 2024 წელს, თუმცაღა, დღეს არის ჩვენი მხრიდან პოლიტიკური ნება, და არის შეთანხმება ოპოზიციის ფართო სპექტრს შორის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

რაც შეეხება თავად კონსტიტუციური კანონის პროექტით გათვალისწინებულ სიახლეებს, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ თუკი პარლამენტი ივნისის ბოლოს მხარს დაუჭერს კანონპროექტს, ამ შემთხვევაში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე განაწილებით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ X მოწვევის პარლამენტს პროპორციული სიებით 120 და მოსახლეობის მიერ, პირდაპირი წესით არჩეული 30 დეპუტატი დააკომპლექტებს.  მისივე თქმით, არჩევნები 1 %-იანი ბარიერით ჩატარდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარტიები ბლოკს შექმნიან, მაშინ ბარიერი იქნება ბლოკში შემავალი პარტიების პირდაპირპროპორციული.

 

 

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი არის 40 %-იანი ჩამკეტი, რაც მარტივი სიტყვებით რომ ავხსნათ, ნიშნავს იმას, რომ ერთი პოლიტიკური პარტია, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, ვინც გავა პირველ ადგილას, ამ არჩევნების შემდეგ, ვერ შეძლებს უმრავლესობის დაკომპლექტებას და შესაბამისად, მთავრობის დაკომპლექტებას, თუ მას არ ექნება პროპორციულ ნაწილში მიღებული 40 %-ზე მეტი მხარდაჭერა მოქალაქეების მხრიდან“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

რაც შეეხება ე.წ. გაუნაწილებელ მანდატებს, ამ შემთხვევაში იმოქმედებს უდიდესი ნაშთის პრინციპი, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი  მანდატები გაუნაწილდებათ ბარიერგადალახულ, უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკურ პარტიებს.

 

 

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი - ჩვენ ასევე შეთანხმება გვაქვს, რომ ამ ცვლილებების ფარგლებში, ვამტკიცებთ პრინციპს, რომ 2020-დან 2024-მდე, სანამ ქვეყანა სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადავა, თუ დადგება რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საჭიროება, ნებისმიერი რიგგარეშე არჩევნებიც ამ პერიოდში, ჩატარდება სწორედ ამ შეთანხმებული სისტემით, ანუ, 120/30-ზე სისტემით“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

მისივე თქმით, ხდება ოლქების გაერთიანებაც და 30 ოლქის ფორმირება ხდება ევროპის საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები უკვე გაიმართა და შეთანხმება ყველა ოლქზე მიღწეულია.

 

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, მმართველი გუნდის სახელით, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონპროექტს საპარლამენტო კენჭისყრაზე სრული მხარდაჭერა ექნება. მისივე თქმით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ცვლილებების განხილვას 19 ივნისიდან დაწყებს და იმ შემთხვევაში, თუ დეპუტატთა ¾ მხარს დაუჭერს, მაღალი ალბათობით, კანონპროექტი სამივე მოსმენით მიმდინარე თვის ბოლომდე დამტკიცდება.

 

 

 

მხოლოდ ამ რაოდენობის მხარდაჭერით არის შესაძლებელი, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტშივე მოხდეს ეს ცვლილება და ის შევიდეს ძალაში. სხვა შემთხვევაში, მოგეხსენებათ, რომ ახალ კონსტიტუციაში ჩვენ გვიწერია ორმაგი ვოტუმის პრინციპი, რაც ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მხოლოდ, ამაზე ნაკლები მხარდაჭერით, ორ პარლამენტს შეუძლია განახორციელოს. ეს არის პრინციპი, რომ კონსტიტუცია ყოფილიყო სტაბილური და როგორც ეს წარსულში ხდებოდა, ყველა ხელისუფლებას საკუთარ თავზე არ მოერგო, და არ მოირგოს რომელიმე ხელისუფლებამ მომავალში ეს კონსტიტუცია საკუთარ თავზე“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner