logo_geo
eng_logo
„საქართველო რუსეთის შემდეგ, მეორე სახელმწიფოა, სადაც მწეველთა რიცხვი პროცენტულად ყველაზე მაღალია“
- +

20 ივნისი. 2016. 16:01


პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ერთ-ერთი ძირითადი სიახლე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარებაზე კანონის გამკაცრება და აკრძალვების დაწესებაა.



კანონპროექტის ინიციატორის, დეპუტატ გუგული მაღრაძის განცხადებით, ცვლილებების მომზადება ქვეყანაში არსებული ვითარების და წამოჭრილი პრობლემის გადაჭრის აუცილებლობამ განაპირობა, რადგან საქართველო, რუსეთის ფედერაციის შემდეგ, მეორე სახელმწიფოა, სადაც პროცენტულად ყველაზე მაღალია მწეველების რიცხვი, ამასთან, არ არსებობს რეგულაცია, რომელიც არამწეველების ჯანმრთელობას და მათ უფლებებს დაიცავს.



რაც შეეხება უშუალოდ კანონპროექტით შემოთავაზებულ პრინციპებს - საუბარია არამწეველთა უფლებების დაცვაზე, „თამბაქოს ნაწარმის" ტერმინის გაფართოებაზე და „საწუწნი თამბაქოს", „ელექტრონული სიგარეტის" და ნიკოტინის შემცველი მოწყობილობების დამატებაზე. სიახლეს წარმოადგენს ასევე მთელი რიგი განმარტებები, რომლებიც თამბაქოს მოხმარების აკრძალვას საზოგადოებრივ თავშეყრის და ტრანსპორტში გულისხმობს. პროექტით, არსებული 50 მეტრიდან 100 მეტრამდე იზრდება მანძილი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, სადაც აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის და მისი აქსესუარების რეალიზაცია და განლაგება.



წარმოდგენილი ცვლილებების მიღება სხვადასხვა მოქმედი კანონის ცვლილებებს განაპირობებს. მათ შორის ცვლილებები შედის „რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც იკრძალება თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარებისა და მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობების ყველა სახის რეკლამა.



ასევე, იკრძალება თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარების და მოხმარებისათვის განკუთვნლი მოწყობილობების განლაგება ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე და ან სხვაგან ისეთი სახით, რაც თამბაქოს პროდუქციას ხილვადს გახდის.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner