შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ -
„112“-ში შემოვიდა შეტყობინება რომ თბილისში, ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე,
შერეული ტიპის ბაზრობაზე გაჩნდა ხანძარი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25
ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა შეტყობინების მიღებიდან ადგილზე
უმოკლეს დროში გამოცხადდა, რის შემდეგაც ცეცხლის ქრობა დაუყოვნებლივ
დაიწყეს. ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და
კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, ასევე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების
ჯგუფები.
ადგილზე იმყოფებიან და ხანძრის ქრობის პროცესს პირადად ხელმძღვანელობენ
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე და საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი - თემურ მღებრიშვილი.
უსაფრთხოების მიზნით, პერიმეტრი სამართალდამცველებმა გადაკეტეს.
ცეცხლი სასაწყობე ჯიხურებზე იყო გავრცელებული. პირველადი ინფორმაციით,
დაიწვა ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები.
იყო ცეცხლის ავტოგასამართ სადგურზე გავრცელების საშიშროება, თუმცა
მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, მისი აფეთქების
საფრთხე სრულად აღიკვეთა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს
187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის
დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.