ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ეკონომიკის გახსნის შემდეგ მოსალოდნელი იყო ინფიცირების შემთხვევების მატება და ვითარება კონტროლდება. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
„როდესაც გავხსენით ეკონომიკა, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო, რომ ინფიცირების შემთხვევები გაიზრდებოდა, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ვმართავთ სიტუაციას და მკაცრად ვაკონტროლებთ. გამოვთქვამ იმედს, რომ ყველაფერი კონტროლს დაექვემდებარება და არ მოგვიწევს უკან დახევა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკამ იფუნქციონიროს.
პრემიერმაც ისაუბრა დღეს, რომ ჩვენ უფრო მეტ აქცენტს გავაკეთებთ სავალდებულო ტესტირებაზე და გამოვკვეთთ იმ რისკ-ჯგუფებს, სადაც აუცილებელია სავალდებულო ტესტირება. ეს არის გზა იმისა, რომ ჩვენ ვიცხოვროთ ინფექციასთან ერთად, ვისწავლოთ ცხოვრება და მუშაობა ამ პირობებში“, - აცხადებს ნათია თურნავა.
ეს კომენტარი ნათია თურნავამ ყვარელში, მთავრობის წევრებისა და დიპლომატების შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
დღეიდან საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა.