ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ახალგაზრდული ცენტრის" წევრი დავით ჩიხელიძე მიესალმება თბილისის მერიის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, სექტემბრიდან დედაქალაქში ტროტუარებზე ავტომანქანის გაჩერება (პარკირება) აიკრძალება. თუმცა მისი თქმით, ამ ინიციატივის პარალელურად მერიამ უნდა იზრუნოს ქალაქში ალტერნატიული პარკინგის ადგილის შექმნაზე და ასევე ალტერნატიული ტრანსპორტის შემოყვანაზე.
„ქვეითთათვის ტროტუარის დაბრუნება ნამდვილად საშური საქმეა, მაგრამ მოგეხსენებათ, ყველა მოვლენას აქვს ორი მხარე. აუცილებელია, მერიის ინიციტივას მეორე მხრიდანაც შევხედოთ. იბადება კითხვა - რამდენად მზად არის თბილისი აღნიშნული აკრძალვის ამოქმედებისათვის? დღეს დედაქალაქში არ არსებობს ალტერნატიული პარკინგის ზონები, ქალაქს ფაქტიურად არ გააჩნია მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგი (ამ მიმართულებით საოცრად მაკვირვებს ქართველ ბიზნესმენთა ინერტულობა, მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგი საკმაოდ მომგებიანი და წარმატებული ბიზნესია ამერიკის და ევროპის ქალაქებში). უმჯობესია, მერიამ პირველ ყოვლისა იზრუნოს, ქალაქში ალტერნატიურილი პარკინგის ადგილის შექმნაზე და ალტერნატიული ტრანსპორტის შემოყვანაზე (ველოსიპედები), მოაწყოს საველოსიპედო ბილიკები და ა.შ. (პროგრესული და წინ გადადგმული ნაბიჯია მერიის ინიციტივა, რომელიც მიწისზედა პარკინგის მოწყობის მსურველისთვის ადგილის სიმბოლურ ფასად გადაცემას გულისხმობს). ფაქტია, დედაქალაქი ტროტუარზე პარკინგის აკრძალვას მოუმზადებელი ხვდება, ამან კი შესაძლოა თბილისში სატრანსპორტო კოლაფსის წინაშე დააყენოს. მოგეხსენებათ, თბილისში ნახევარ მილიონამდე ავტომანქანა გახლავთ რეგისტრირებული", - განაცხადა ჩიხელიძემ.
მისი თქმით, „ახალგაზრდულმა ცენტრმა" შეისწავლა აღნიშული საკითხი და გამოიკვეთა, რომ აკრძალვის შემოღების შემთხვევაში, აუცილებელია, თბილისში არსებობდეს რამდენიმე ათას მანქანაზე გათვლილი მიწისზედა (ქვეშა) პარკინგთა ქსელი, რომლის მოწყობაც სექტემბრამდე ფიზიკურად შეუძლებელია.
„გვსურს, თბილისის მერიას მივმართოთ რეკომენდაციით: რამდენიმე თვით მოხდეს თბილისში ტროტუარზე პარკირების შეზღუდვის ამოქმედების გადავადება. უკეთ იქნას შესწავლილი ის უარყოფითი შედეგები, რაც შეიძლება გამოიწვიოს პარკირების აკრძალვამ. მოეწყოს ალტერნატიული პარკინგის ადგილები. ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების შესწავლის შემდგომ მოხდეს აღნიშნული აკრძალვის ამოქმედება, რათა უმტკივნეულოდ შევძლოთ თბილისის ტროტუარების მანქანებისგან გათავისუფლება", - განუცხადა „რეპორტიორს" ჩიხელიძემ.