„ეს არ არის ბიუჯეტი, რომელიც მომდევნო წლების რეფორმებზეა გათვლილი, ეს არის ანტიკრიზისული ბიუჯეტი, რომელიც პასუხია იმ კრიზისზე, რომელიც გამოიწვია მსოფლიო პანდემიამ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.
როგორც მან აღნიშნა, პანდემიის გამო მსოფლიოს ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშე დადგა, მათ შორის, საქართველოც, სადაც მხოლოდ შემოსავლებში, ქვეყანას მილიარდ 800 მლნ ლარის დანაკლისი ექნება.
„რაც არ უნდა არ მოგვწონდეს, მოგვიწევს, შევამციროთ ხარჯების საკმაოდ დიდი ნაწილი. ამასთან, ხელფასების ნაწილში არც კულტურის და არც პროფესიული განათლების მიმართულებით, რაც აქამდე ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული, არ შევეხებით და რაც იყო გათვალისწინებული ზრდა, მაგ: თეატრებში, პროფესიულ სასწავლებლებში, შენარჩუნდება და არ დავიწყებთ მის შემცირებას. თუმცა, ყველა მიმართულება, სადაც შესაძლებელია თანხების დაზოგვა, უნდა დავზოგოთ და მივმართოთ იმ მიმართულებაზე, რაც აუცილებელი და წელს გასაწევი ხარჯებია. კიდევ ვიმეორებ, ეს ბიუჯეტი არ ითვალისწინებს მომდევნო სამ წელიწადში ეკონომიკის აღდგენის, ან ახალი ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბების საკითხებს. ეს არის ის, რაც წელს, ამ კრიზისულ პერიოდში უნდა გაკეთდეს მაშინ, როდესაც არსებობს დიდი ალბათობა, რომ იქნება მეორე ტალღა. ამ შემთხვევაში, ჩვენი ბიუჯეტი აღჭურვილი უნდა იყოს იმ სერვისებით, უნდა არსებობდეს ის სათანადო ფინანსური რესურსი, რათა ერთი მხრივ, ვუპასუხოთ მეორე ტალღას და გადაიფაროს ის ყველანაირი ხარჯი, რაც აუცილებელი იქნება მეორე ტალღის არსებობის შემთხევაში და მეორე მხრივ, მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში, მზად ვიყოთ იმ აუცილებელი ხარჯების დასაფინანსებლად, რაც უკავშირდება როგორც სახელფასო და საპენსიო ვალდებულებების, ისე, მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებებს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.