logo_geo
eng_logo
განათლების კომიტეტში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელოვნებო განათლების შესწავლასთან დაკავშირებით მოკვლევის ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
- +

16 ივნისი. 2020. 20:12

 

 

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში სკოლის გარეთ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელოვნებო განათლების მდგომარეობის შესწავლასთან დაკავშირებით თემატური მოკვლევის ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

 

კომიტეტის თავმჯდომარის, გენადი მარგველაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია სკოლებში ბავშვთა ნიჭების გამოვლენა და მათი ხელშეწყობა.

 

ეს ნიჭები შეიძლება სხვადასხვა იყოს: მოტორიკა - სპორტის, ცეკვის ან ხელოვნების მიმართულებით; მუსიკალური ნიჭი - ინსტრუმენტალიზმი და ვოკალი; მენეჯმენტის კულტურა. კომიტეტმა ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც არაფორმალური განათლებით იყო დაკავებული, გაუგზავნა კითხვარი 2020 წლის 4 თებერვალს. თემატური მოკვლევა მოიცავდა 2 ეტაპს: დაინტერესებული მხარეებისთვის დასაბუთებული მოსაზრებების მიღება ტექნიკური პირობების დოკუმენტების შესაბამისად და დაინტერესებული პირების ზეპირი მოსმენა“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

 

მისი თქმით, თემატური მოკვლევის მიზანია საგანმანათლებლო სივრცეში სახელოვნებო განათლების კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასება, პრობლემებისა და გამოწვევების განსაზღვრა, მოკვლევის პერიოდში მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების მომზადება, არსებული ხარვეზების გამოსწორება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

 

როგორც გენადი მარგველაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ბავშვის ინტერესი შემოქმედებითი აზროვნებისკენ გაიზარდოს.

 

შეხვედრაზე სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კონცეპტუალურ დონეზე ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომელიც დაწესებულებებს აქვთ: ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, შენობების რეაბილიტაციაზე თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვაზე, პედაგოგის სტატუსზე, ფორმალური განათლების ველში მოქცევაზე.

 

მოკვლევის ჯგუფის შეხვედრა ხვალ გაგრძელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner