„პრეზიდენტის გადაწყვეტილებებში არათანმიმდევრულობასაც ვხედავთ. მაგალითად, ვანო მაჭავარიანი ჯერ გაათავისუფლა, ახლა წინასაარჩევნო პერიოდში ისევ დააბრუნა, თუმცა ამ შუალედში მაჭავარიანმა პაატა ბურჭულაძესთანაც მოასწრო შევლა", - ამის შესახებ მანანა კობახიძემ „პრაიმტაიმს" განუცხადა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ასეთი გადაწყვეტილებები ტოვებს „უცნაურობის შთაბეჭდილებას".
„პრეზიდენტი კეთილგანწყობით ხვდება ყველა პოლიტიკურ ძალას, მათ შორის თავის ძველ მეგობარს, გიგა ბოკერიას და ამ დროს კრიტიკულად არის განწყობილი სწორედ იმ გუნდისა და იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ის პრეზიდენტის პოსტზე მოიყვანა. რატომღაც, ბატონი პრეზიდენტი ყველასთან კომფორტულად გრძნობს თავს, გარდა „ქართული ოცნებისა", - განაცხადა კობახიძემ.
ვიცე-სპიკერმა პრეზიდენტთან პრობლემური ურთიერთობის წარმოშობის თავდაპირველ მიზეზზე საუბრისას, ავლაბრის რეზიდენციაში გიორგი მარგველაშვილის ყოფნა დაასახელა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა დაპირებას გადაუხვია, როდესაც უარი თქვა „ჯოჯოხეთური სასახლის დატოვებაზე".
„ის ამბობდა, რომ სასახლეში, რომელიც სააკაშვილის სახელსა და უამრავ დანაშაულს უკავშირდება, არასდროს შევიდოდა და რომ მას ამხელა რეზიდენცია არ სჭირდებოდა, თუმცა უკვე პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მან პოზიცია შეცვალა, რაც გახდა პირველი უთანხმოების საფუძველი. ამის შემდეგ იყო შენიშვნები შენიშვნებისთვის, ვეტო ვეტოსთვის. მე არ ვაკნინებ პრეზიდენტის ფუნქციებს, ის უნდა იყოს მთელი ქვეყნის პრეზიდენტი, მაგრამ მიკერძოებულიც არ უნდა იყოს რომელიმე ოპოზიციური ჯგუფის მიმართ", - განაცხადა კობახიძემ.