მახსოვს, სკოლის მოსწავლე ვიყავი, რას ნიშნავდა პარლამენტის შტურმი და ისიც მახსოვს, ამ პარლამენტის შტურმის შემდგომ, ქვეყანა რა სახის და რა მნიშვნელობის ტურბულენტობაში შევიდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.
გიორგი გახარიამ 20 ივნისთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგამოძიებო პროცედურები ყველა ამ საქმესთან დაკავშირებით, დასრულებულია, სასამართლო ეტაპზეა ახლა ყველაფერი.
„როგორც ვიცი, პარლამენტზე შტურმით და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული პირების 99%-მა დანაშაული აღიარა და იქ შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. მერწმუნეთ, რომ ნებისმიერ სხვა, დასავლურ ქვეყანაში მსგავსი რამ რომ მომხდარიყო, ამას ექნებოდა სულ სხვა სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგებიც, ზოგ ნაწილში სამართლებრივი, ზოგ ნაწილში პოლიტიკური. ჩვენ გარდამავალ ეტაპზე მყოფი დემოკრატია ვართ და ნელ-ნელა ყველაფერს ვსწავლობთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შტურმით აღება არ დაეშვა.
„პასუხისმგებლობის განხორციელების დროს, გარკვეული, სამწუხარო შედეგები დადგა ყველა ჩვენგანისთვის, ჩემთვის პირველ რიგში, მაგრამ ეს ხომ მაშინდელი შს მინისტრის, რომლის მოვალეობასაც მე ვასრულებდი, პირდაპირი პასუხისმგებლობა იყო. კონცეპტუალურად და პოლიტიკურად ჩვენ თუ ამ ყველაფრიდან გამოვიტანთ ისეთ გაკვეთილს, რომელიც ჩვენს მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაში, მომავალი თაობების პოლიტიკურ ცხოვრებაში, ჩვენი შვილების, მაგალითად, ჩემი შვილის ცხოვრებაში აღარ განმეორდეს და არ განმეორდება საქართველოს პარლამენტზე თავდასხმა პოლიტიკური მიზნის მისაღწევად, ეს უკვე საკმაოდ სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. მე როგორც ცალკე აღებული, რიგითი მოქალაქე ამ ქვეყნის ამით დავკმაყოფილდები. მახსოვს, სკოლის მოსწავლე ვიყავი, რას ნიშნავდა პარლამენტის შტურმი და ისიც მახსოვს ამ პარლამენტის შტურმის შემდგომ, ქვეყანა რა სახის და რა მნიშვნელობის ტურბოლენტობაში შევიდა. მერე მახსოვს მეორე შტურმიც. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ თუ არ მივაღწიეთ იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები ხდება არა ძალადობის გზით, არა პარლამენტის შტურმით და პარლამენტში შეჭრის გზით, არამედ, საარჩევნო ურნასთან, გარდამავალი დემოკრატიისთვის, ეს არის საკმაოდ სერიოზული წარმატება. მე ვთვლი, რომ ის ტრაგიკული შემთხვევებიც, რაც 20 ივნისს მოხდა, ეს მუდმივი ტვირთი იქნება ჩვენთვის. მაგრამ, გაკვეთილი და პოლიტიკური შედეგი უნდა იყოს ეს და დარწმუნებული ვარ, ჩვენს ცხოვრებაშიც მსგავსი აღარ უნდა განმეორდეს, რა სახის გამართლებაც ამას არ უნდა ჰქონდეს. ხშირად მსმენია, აი გავრილოვი. მესმის, ვეთანხმები კიდევაც, მაგრამ შტურმი, შენი ქვეყნის უმაღლეს ინსტიტუტზე, შეჭრის მიზნით და თავდასხმა შენი ქვეყნის პოლიციელებზე, სამართალდამცავებზე, შეუძლებელია, რამით გაამართლო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.