ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დღევანდელ ეკონომიკურ ფორუმს კრიტიკა აკლდა.
„ვფიქრობ, ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ბიზნესი იყო წარმოდგენილი მასშტაბურად, მთავრობის ეკონომიკური გუნდი ძალიან მომზადებული მოვიდა. ექსპერტიც ბევრი იყო, მაგრამ კრიტიკა აკლდა. კრიტიკულად განწყობილი მხოლოდ ორი ექსპერტი აღმოვაჩინე და შევეცადე მათთან პოლემიკაში შესვლას. მომავალში ვისურვებდი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი ექსპერტები აღარ დამალოს. გოცირიძე პირველივე ეკონომიკურ ფორუმზე შუიდან გაიპარა. დღეს არ მობრძანდა. მე მგონი, ასევე დაპატიჟებული იყო სერგო კაპანაძე, რომელიც ასევე ოპონირებს ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდს. კარგი იქნებოდა, რომ პროფესიონალებთან წარმოეჩინათ თავიანთი კრიტიკული მოსაზრებები", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, მხოლოდ ორი ექსპერტი, ვინც დღეს ოპონირება გაუწია, ვახტანგ მეგრელიშვილი „გირჩიდან" და პაატა შეშელიძე იყვნენ.
ივანიშვილის განცხადებით, დღევანდელ ფორუმზე გარკვეულ საკითხებზე მოხდა შეთანხმება.
„ეკონომიკური მონაცემები, რომლებიც წერილში მქონდა, ყველაფერი იყო სწორად მოწოდებული. გაცილებით მეტი ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმა და უფრო შთამბეჭდავი მონაცემები წარმოადგინა ეკონომიკურ მიღწევებთან დაკავშირებით. ოპონენტებმა ვერ შეძლეს მასთან პაექრობა. კიდევ ერთხელ მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ ახალი ხელისუფლების მიღწევები ძალიან შთამბეჭდავია. მხედველობაში მაქვს რეალობიდან გამომდინარე. რეგიონში იყო კრიზისული სიტუაცია. ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები ცუდ მდგომარეობაში იყვნენ, ამან გავლენა იქონია ჩვენს ეკონომიკაზე და ამის მიუხედავად, ჩვენი ეკონომიკა შეიძლება ითქვას ყველაზე წარმატებული იყო. ამას უნდა სწორი შეფასება.
არის საფუძველი, რომ რეგიონში ეკონომიკური სიტუაცია უკეთესი გახდება და საქართველოში დაიწყება სერიოზული ეკონომიკური აღმავლობა. ეკონომიკის ყველაზე კარგი შეფასება, რაც გამომსვლელებში ყველაზე მეტად მომეწონა, მოახერხა „საქართველოს ბანკმა". გილაური გამოვიდა და თქვა, რომ 2012 წლიდან დღემდე ლონდონის ბირჟაზე მათი აქციების ფასი გაორმაგდა და ყველაზე კარგი მაჩვენებელია ეს. ასევე გაიზარდა „თიბისი ბანკის" აქციების ფასი. ირიბი შეფასება თუ გნებავთ ეკონომიკის და იმ პოლიტიკის, რაც დამკვიდრდა ახალი გუნდის შემდგომ, ეს ყველაზე კარგი შეფასებაა, რომ საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდა მოხდა ქართული ბანკის აქციების", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.