საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, დღეს კი დუშეთის "არაგვის" მთავარი მწვრთნელი ლადო ბურდული ყოველთვის საინტერესო მოსაუბრეა. "ლელომ" მასთან ინტერვიუ ჩაწერა. ვილაპარაკეთ როგორც სადღეისოდ შექმნილ სიტუაციაზე, ისე საკლუბო თემებზე, საქართველოს ნაკრებსა და მის მეტოქე ბელარუსზე...
- არსებობის ისტორიაში, "არაგვი" პირველად თამაშობს ლიგა 2-ში. ცხადია, განაახლებდით საწვრთნელ პროცესს...
- განვაახლეთ ყველა რეგულაციის მკაცრი დაცვით. ადამიანების ჯანმრთელობა უპირველესია და ამის გათვალისწინებით, ყველა წესისა და რეკომენდაციის დაცვაა საჭირო. თავდაპირველად, სამ-სამკაციანი ჯგუფებით ვვარჯიშობდით იპოდრომსა და დიღმის ტყეში. მერე მინდორზეც შევედით... ვცდილობთ, ყველანაირად მზად შევხვდეთ ლიგა 2-ის განახლებას.
- ჯერ ოფიციალურად არ გაცხადებულა თარიღი, როცა შეიძლება განახლდეს ლიგა 2. ამასთან დაკავშირებით ხომ არ ფლობთ რაიმე ინფორმაციას?
- წინასწარი ინფორმაციით, ლიგა 2, შეიძლება, 13 ან 20 ივლისს განახლდეს. ორივე ორშაბათია. ახლა მთავარია, კორონავირუსმა აღარ შეგვაწუხოს.
- რა სიახლეებია "არაგვში"?
- შემიძლია გითხრათ, რომ გუნდმა მოახერხა ძირითადი ბირთვის შენარჩუნება. ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც ამ ეტაპზე დაგვტოვა, გამოცდილი ირაკლი ქათამაძეა. ვმუშაობთ გაძლიერებაზე და მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ორ ფეხბურთელთან. ვნახოთ, როგორ გადაწყდება ეს საკითხი.
- პოტენციური ახალწვეულები ქართველები არიან თუ უცხოელები?
- ერთი ქართველია, მეორე - უცხოელი. საკმაოდ ძლიერ ფეხბურთელებზეა ლაპარაკი...
- სადღეისო ვითარების გათვალისწინებით, უცხოელის ჩამოყვანა პრობლემატური არ არის?
- რა თქმა უნდა, არის ამ მხრივ სირთულეები, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ამ სირთულეების დაძლევაზეც...
- რა თქმა უნდა, ყველას ძალიან გაგვიჭირდა უფეხბურთოდ ყოფნა. თქვენ როგორ გადაიტანეთ ეს პერიოდი?
- სიმართლე გითხრათ, ძალიან რთული იყო, მაგრამ მეორე მხრივ, ადამიანის ჯანმრთელობა ყველაზე ძვირფასია. ჩემი მშობლები, ასაკის გამო, რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. აქედან გამომდინარე, ისინი ბავშვებთან ერთად ქალაქგარეთ გავუშვით, მე კი თბილისში დავრჩი... თავისთავად ძნელია, როცა უარის თქმა გიწევს ცხოვრების ჩვეულ რიტმზე. მაგალითად, ძნელი იყო, როცა 9 საათის მერე ვერ გადიოდი გარეთ... რას ვიზამთ... ასეთი იყო და ასეთია რეალობა. ერთადერთი, რაზეც შემიძლია ვთქვა, რომ დადებითი იყო ამ პერიოდში ჩემთვის, ეს არის - 15 კილოგრამი დავიკელი! აღარ გვაქვს დიდი სუფრები, თანაც, კარანტინის დროს ძალიან ბევრს დავდიოდი ფეხით, ველოსიპედით... ამ მხრივ ნამდვილად არ ვარ უკმაყოფილო. რა თქმა უნდა, სიგიჟემდე მომენატრა ფეხბურთი. ვიღაც საყვარელ საქმეს მაინც აკეთებდა და სიამოვნებას იღებდა ამისგან, მაგრამ ფეხბურთი ისეთი რამეა, რომ დისტანციურად ვერ იმუშავებ...
- მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში ჩემპიონატები განახლდა - უმაყურებლოდ, მაგრამ მაინც. ჩვენც ასე დავიწყებთ...
- არა უშავს, მთავარია, დავიწყოთ და არ გავჩერდეთ. ევროტურნირებიც ახლოსაა და ქართულ კლუბებს ამისთვის შესაბამისი მომზადება სჭირდებათ. რაც შეხება მაყურებელს, რეალობა დღეს ასეთია - ხალხი ფეხბურთის საყურებლად ძირითადად რეგიონებში, უფრო ბათუმსა და ქუთაისში დადის. თბილისურ მატჩებზე ან ფეხბურთის დიდი ქომაგი მიდის, ან მატჩში მონაწილე ფეხბურთელის ნათესავი და ახლობელი... რა თქმა უნდა, ფეხბურთი მაყურებლისთვის არის და ეს აღმოჩენა სულაც არ გახლავთ. ძალიან რთულია, როცა უყურებ თამაშს და ყველა შეძახილი გესმის, თითოეული პასის ხმა გესმის, მაგრამ რა გინდა, რომ ქნა!.. დღეს ასეთია რეალობა და ამას ვერსად გავექცევთ.
- საშველი აღარ დაადგა ბელარუსის ნაკრებთან მატჩის ჩატარებას. ძნელია ლოდინი, მაგრამ უმაყურებლოდ თამაშს, ალბათ, მოცდა სჯობია...
- ეს მატჩი უნდა შედგეს მაყურებელთან ერთად! მართალი ხართ - უმჯობესია, ამისთვის ცოტა კიდევ მოვიცადოთ. როგორც მე ვიცი, უეფას პოზიციაც ისეთია, რომ თამაში უნდა შედგეს მაყურებლებთან ერთად. ესაა ჩვენი კოზირი და ეს კოზირი ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავუშვათ!..
- ბელარუსებს ჩემპიონატი არ გაუჩერებიათ და უპირატესობა, თავისთავად, უკვე აქვთ. ჩვენი ფეხბურთელები თუ მოასწრებენ ფორმის აღდგენას?
- ჩემი აზრით, პრობლემა არ უნდა გვქონდეს. ის კი არა, მატჩის გადადება, გარკვეულწილად, კარგიც შეიძლება იყოს საქართველოს ნაკრებისთვის. მარტში რომ ჩატარებულიყო ეს თამაში, როგორც მახსოვს, შესაძლებელი იყო, 2-3 მოთამაშე დაგვკლებოდა. დიდი იმედი მაქვს, მატჩის ჩატარების მომენტში აღარ გვეყოლებიან ტრავმირებული ფეხბურთელები. ამასთან, ოპტიმალურ ფორმაში შევლენ ის მოთამაშეები, რომელთაც იმ დროისთვის ახალმოშუშებული ჰქონდათ ტრავმები.
- ჩვენ საშუალება გვქონდა, თვალი გვედევნებინა ბელარუსის ჩემპიონატისთვის, სადაც თამაშობს კიდეც ამ ნაკრების ძირითადი ბირთვი. საინტერესოა თქვენი შთაბეჭდილებები...
- მე რასაც ვაკვირდები, ბელარუსის ჩემპიონატში შემქმნელი ფეხბურთელების აშკარა დეფიციტია. აქცენტი კეთდება ფიზიკურ მომზადებაზე, ორთაბრძოლების მოგებაზე... იგივე პრობლემა დგას რუსეთსა და უკრაინაში, მაგრამ იქ ბევრი ლეგიონერია, მაგალითად, ბრაზილიიდან და ამის ხარჯზე ხდება კომპენსირება. ბელარუსში კი ასე არ არის. თვითონ თაობასაც რომ გადავხედოთ სადღეისოდ, აღარ არიან ამ ქვეყანაში ისეთი გამორჩეული ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ ადრე. აღარ არიან გლების, ბელკევიჩის, ხაცკევიჩის, კუტუზოვისა და სხვა მსგავსი გამორჩეული ფეხბურთელები. ამ მხრივ, ჩვენ უპირატესობა გვექნება.