ავტორი დინა მირცხულავა
აფხაზეთის ომის გმირი მერაბ ნიქაბაძე, მეტსახელად „მამაო“, რომელიც აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაში, ჟიული შარტავასა და მის თანამებრძოლებთან ერთად, სოხუმის დაკარგვამდე, ბოლო წუთამდე დარჩა...
მის შესახებ მისი შვილი ლევან ნიქაბაძე საუბრობს:
შოთა რუსთაველის სახელობის წიგნის ფაბრიკაში გამომცემლობის დირექტორი იყო, რუსულიდან თარგმნიდა წიგნებს: ლინდა გუდმენის „ჰოროსკოპი", ვოლდემარ ბრანკის „პატარა ადამიანი დიდ გზაზე“ და კიდევ რამდენიმე ნაწარმოები მისი თარგმნილია... სამაჩაბლოს ომში მოხალისედ წავიდა, შემდეგ გაწვევითაც მოუწია... მერე აფხაზეთის ომი დაიწყო, იქაც წავიდა და თუ არ ვცდები, 1992 წელს, „ავღანელთა კავშირის წევრი“ გახდა - მათ ბატალიონშიც ჩაირიცხა. რადგან გამოცდილება ჰქონდა, ცხელ წერტილებში ფრონტის წინა ხაზზეც მიდიოდა... მაშინ 11 წლის ვიყავი და მამის შესახებ ბევრი რამ კარგად მახსოვს. მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, სახლში ხანდახან ჩამოდიოდა. კონტუზირებულიც ჩამოსულა, მაგრამ უკან მაინც ბრუნდებოდა... ბოლოს, თუ სწორად მახსოვს, 24 სექტემბერს გაფრინდნენ.
მძიმე დღეები იყო... ვიდრე გაფრინდებოდა, რამდენჯერმე სცადა აფხაზეთში წასვლა, მაგრამ ფრენა გადაიდო. ბოლოს, როდესაც სახლის ტელეფონზე დაურეკეს, მამამ უპასუხა, - აგაშენა ღმერთმაო... ეს სიტყვები ცნობიერებაში ჩამრჩა... უხაროდა, წასვლა რომ გადაწყდა... აღმოჩნდა, რომ დედას მისი ფორმა გარეცხილი ჰქონდა, რომელიც ჯერ კიდევ სველი იყო. ძალიან უყვარდა სამხედრო ფორმა. ჰოდა, ივანე კოტორაშვილივით, სამოსი გაწურა, სველი ჩაიცვა და წავიდა...
სოხუმის დაცემიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, ერთ-ერთმა მებრძოლმა მამას სიკვდილის ცნობა ჩამოგვიტანა, თუმცა, თავიდანვე რაღაც-რაღაცები დაუზუსტებელი იყო, - ჯერ თქვეს, მოკლესო, შემდეგ - თავი მოიკლაო... ვიცოდი, მამა ტყვედ არ ჩაჰბარდებოდა, რადგან ერთი ტყვია ყოველთვის კისერზე ჰქონდა ჩამოკიდებული, მაგრამ თავის მოკვლის ვერსია მაინც არ მიმაჩნია სარწმუნოდ... ყაბარდოელი ტამირი იხსენებს, როდესაც ჩაგვბარდნენ და გასაიარაღებლად შევედით, დავინახეთ, ერთი მეომარი გახსნილი ხელყუმბარით ხელში იჯდა, მეორე ხელში კი ჯვარი ეჭირაო... დეტალურად აღწერს მამას... სხვა „ავღანელი“, სახელად მერაბი, იმ 70 ადამიანში არ ყოფილა. სოხუმის მაშინდელ ეპარქიაში მეუფე დანიელი მსახურობდა, რომელმაც მამას ჯვარი აჩუქა, რომელიც სულ თან დაჰქონდა... ფოტოებშიც ჩანს... როგორც ვხვდები, ხელყუმბარა არ გამოიყენა, რადგან იქ მისიანებიც იყვნენ.
„სოვმენის" შენობიდან გამოსვლის შემდეგ, მამა არც ცოცხალი, არც დაღუპული არავის უნახავს... ვინც მამას სიკვდილის ამბავი ჩამოგვიტანა, ისიც ვიღაცის მონაყოლს იმეორებდა... გენადი ფიცხელაური ქისტურ დიალექტზე საუბრობდა. ამიტომაც, ერთ-ერთმა ქისტმა გადაარჩინა და ერთი თუ ორი თვის შემდეგ ჩამოვიდა თბილისში. ის არაფერს ჰყვებოდა, რამდენჯერმე დაათვრეს კიდეც. იხსენებდა, როგორ გაარიდეს სიტუაციას, მაგრამ მამაზე არაფერს ამბობდა...