logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: ტრამპი შეტევაზე სექტემბრიდან გადავა
- +

18 ივნისი. 2020. 14:25

 

 

ორ კვირაზე მეტია, აშშ-ის ათეულობით ქალაქში ათასობით მოქალაქე საპროტესტო აქციებს მართავს. პროცესი, რომელიც შავკანიანი მოქალაქის ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ დაიწყო, შეუქცევადი გახდა. დემონსტრანტები ძალადობაზე გადავიდნენ, სამართალდამცავებს ესვრიან პიროტექნიკას, ამტვრევენ მანქანებს, მაღაზიებს... როგორი ვითარებაა დღეს ამერიკაში, ვინ მართავს აგრესიულ მასობრივ გამოსვლებს და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ პროცესმა მსოფლიოზე, მათ შორის საქართველოზე, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი ირაკლი გოგავა გვესაუბრება:

 

- ამერიკაში სავალალო ამბები ხდება. 25-ზე მეტ ქალაქში გაიმართა მასობრივი აქციები, რომელთა დიდ ნაწილს ძალადობა, მაროდიორობა, ვანდალიზმი და მკვლელობები ახლდა. როგორც ჩანს, იმის მიუხედავად, რომ შავკანიანების უფლებების გათანაბრების პროცესი ჯერ კიდევ 1865 წელს დაიწყო და კონსტიტუციაში მე-13 შესწორებით მონობა გაუქმდა, შავკანიანები არ გრძნობენ თავს ამერიკული სოციუმის სრულუფლებიან წევრებად. მე-20 საუკუნის 60-იან წლებამდე ავტობუსები, სკოლები, კაფეები, სალონები სეგრეგირებული იყო: შავკანიანებს თავიანთი ჰქონდათ, თეთრებს - თავიანთი. 60-იანი წლებიდან შავკანიანების უფლებების განმტკიცების მოძრაობა დაიწყო - მიდიოდა თანასწორობის, ადამიანის უფლებების დაცვის პროპაგანდა. ამ პროცესში აქტიურად იყენებდნენ ჰოლივუდს, მედიას, საზოგადოებრივი აზრის ლიდერებს. სიტუაციის გამოსწორება მეტ-ნაკლებად მოხერხდა ზოგიერთ ჩრდილოეთ შტატში და კალიფორნიის დიდ ქალაქებში.

 

პრობლემა რომ არ აღმოფხვრილა, ამას სტატისტიკა და კვლევებიც ცხადყოფს. 330-მილიონიან მოსახლეობაში შავკანიანები 13%-ს შეადგენს, ანუ 43 მილიონს. თეთრი ოჯახის ქონება საშუალოდ 171 000 დოლარია და 10-ჯერ აღემატება შავკანიანის ოჯახის ქონებას; უმუშევრობა უფრო მაღალია შავკანიანებს შორის; ბანკები შავკანიანს უფრო სარისკო კლიენტად მიიჩნევენ და სესხზე ან უარს ეუბნებიან, ან პროცენტს უმატებენ. ციხის კონტინგენტის 40% შავკანიანია, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის მხოლოდ 13%-ს შეადგენენ.

 

მკვლელობებისა და ყაჩაღობის ნახევარზე მეტს შავკანიანები სჩადიან. მიაჩნიათ, რომ თეთრები მათთან ვალში არიან და ამას თავისი ახსნა აქვს: 1864 წელს აშშ-ში ჩრდილოეთისა და სამხრეთის შტატებს შორის სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. სამხრეთში მონები ჰყავდათ. ჩრდილოეთის გენერალი შერმანი სამხრეთის დაკავებულ ტერიტორიებზე მონებს ათავისუფლებდა. მათ ჩრდილოეთის არმიასთან მიერთებას და ბრძოლას სთავაზობდა, სანაცვლოდ კი თითოეულ შავკანიან ოჯახს ომის შემდგომ 40 აკრ (40 ჰა) მიწასა და ერთ ჯორს დაჰპირდა. შავკანიანებმა იომეს, მაგრამ დაპირებული ვერ მიიღეს. მათ მხოლოდ დაქირავებული შრომა შეეძლოთ.

 

ის 40 აკრი და ერთი ჯორი გადაიქცა სიმბოლოდ იმისა, რომ თეთრებმა „გადააგდეს“ და დღემდე ვალში არიან. ამიტომ, როცა შავკანიანი ძარცვავს თეთრის ქონებას, მას მიაჩნია, რომ ეკუთვნის.

 

რაც შეეხება ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას, ცხადია, მძიმე საყურებელი იყო. აშშ-ის პოლიცია ძალიან ხისტია, ეს ცნობილია. შარშან 1100-ზე მეტი კაცი მოკლეს პოლიციელებმა დაკავების დროს და აქედან 24% შავკანიანი იყო. მსგავსი ექსცესები და ტრაგედიები პერიოდულად ხდება, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის 700 000 პოლიციელი, რომლებიც ქვეყანაში მსახურობენ, რასისტი ან მოძალადეა. თავად ის პოლიციელიც - დერეკ შოვინი, რომელიც 8 წუთის განმავლობაში კისერზე მუხლს აჭერდა ჯორჯ ფლოიდს, შესაძლოა, სულაც არ არის რასისტი, მით უმეტეს, რომ ისინი ერთად მუშაობდნენ ღამის კლუბის დაცვაში წლების განმავლობაში. გავრცელებული ვიდეოფირი აშკარად დაჭრილია, რადგან არ ჩანს ფლოიდის პოლიციის ავტოდან გადმოყვანის მომენტი. მაგრამ აშკარაა ძალის გადაჭარბება და დაკავებულის მკვლელობას გამართლება არა აქვს. პოლიციის ინსტრუქციით, პოლიციელს შეუძლია მუხლით შეაკავოს ეჭვმიტანილი ლავიწის ძვლის და არა კისრის არეში ზეწოლით. ეს სამწუხარო ფაქტი მყისვე გამოიყენა ტრამპის მეტოქე ბანაკმა და მედიააჟიოტაჟი ააგორა, რომელსაც პოლიტიკოსების ჩართვა და საპროტესტო აქციები მოჰყვა.

 

- ესე იგი, საპროტესტო აქციები ტრამპის მოწინააღმდეგეების ორგანიზებულია?

 

- ხალხის დიდი ნაწილი ფლოიდის მკვლელობამ აღაშფოთა და ამიტომ გამოვიდა ქუჩაში. შავკანიანების ტრადიციული უკმაყოფილება არსებული სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობითა და პოლიციის სიხისტით უდავოდ ამწვავებს პროტესტს, ცეცხლზე ნავთს კი ტრამპის მოწინააღმდეგეები ასხამენ: მედია, დემოკრატები, სოროსის დაფინანსებული არასამთავრობო ჯგუფები... ამ ჯამაათს ემატებიან მემარცხენე ულტრარადიკალები, მარქსისტები, ანარქისტები, „ანტიფა“... სწორედ „ანტიფა“ ახდენს ძალადობის ესკალაციის ინსპირირებას. ეს არის გაწვრთნილი ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც ბრბოში დაძრწის და ძალადობას აქეზებს.

 

ჩატარდა ჟურნალისტური გამოძიება „ანტიფას“ წიაღში და გამოაქვეყნეს ვიდეოფირი, თუ როგორ ამზადებენ ზონდერებს ძალადობისთვის. აშშ-ის გენპროკურორმა უილიამ ბარმა განაცხადა, რომ საქმე აქვთ დაგეგმილ ძალადობასთან, რომ მინეაპოლისში პროტესტანტების 80% სხვა შტატებიდან იყო ჩასული. წელს ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნებია და მიმდინარეობს უკომპრომისო ბრძოლა ტრამპსა და მის მეტოქე ჯო ბაიდენის ბანაკს შორის. მსგავსი პოლარიზება და პოლიტიზება ამერიკელ საზოგადოებას არ ახსოვს. ტრამპს ებრძვიან ყველა მეთოდით.

 

მთელი არსენალი გამოიყენეს: თავიდან ბრალი დასდეს რუსეთთან კავშირში - არ გამართლდა; შემდეგ ბრალი წაუყენეს ტრამპის თანაშემწეს უსაფრთხოების საკითხებში გენერალ ფლინს, მაგრამ ის გამართლდა; შემდეგ იმპიჩმენტი მოუწყვეს ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისთვის. ეს იყო თითიდან გამოწოვილი საბაბი და ისევ ვერაფერი დააკლეს, იმპიჩმენტი ჩავარდა... პირიქით, ტრამპს 8-10%-ით გაეზარდა რეიტინგი. ექსპერტების ვარაუდი, რომ მაისში არსებულს კიდევ 7 მილიონი უმუშევარი დაემატებოდა, არ გამართლდა: 2,5 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ახლა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო ქალაქები დაარბიეს. შემოდგომაზე, ალბათ, კორონავირუსის მეორე ტალღის სცენარის აქტივაციას შეუდგებიან. გაუგონარი პროცესები მიდის, დაუჯერებელი. თანაც სად? მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოში.

 

- რამდენად აქვს ტრამპს ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა და როგორ ფასდება ამ საზოგადოებაში ხალხის წინააღმდეგ გვარდიის გამოყვანის ფაქტი?

 

- 2016 წელს ტრამპი ყველა სოციოლოგიურ გამოკითხვაში აგებდა არჩევნებს, მაგრამ ბოლოს მოიგო. დადგენილია, რომ ამერიკელების 7-10% ერიდება თქვას, რომ ტრამპს უჭერს მხარს, რადგან მას „დემოკრატებმა“ მიაკერეს იარლიყი, რასისტიაო და ბევრს „უტყდება“ აღიაროს, რომ ტრამპი მოსწონს.

 

რაც შეეხება არმიის გამოყვანას, მოსახლეობის 60%-ზე მეტი ამას ითხოვდა, ხოლო 80% კი - ეროვნული გვარდიის გამოყენებას. ნორმალურ მოქალაქეს ნამდვილად არ სურს უწესრიგობა საკუთარ ქალაქში. თუმცა, ტრამპმა არმიას არ უხმო - მხოლოდ ეროვნული გვარდია გამოაყვანინა გუბერნატორებს.

 

თითქმის მთელი წამყვანი მედია ამერიკაში ტრამპის წინააღმდეგია - მხოლოდ ერთი ტელევიზია მეტ-ნაკლებად ობიექტურად აშუქებს მის აქტივობებს, სხვა დანარჩენი აშკარად ჩაგრავს. დღეს ამერიკაში ფეიკნიუსები ინდუსტრიული მასშტაბით ყოველდღიურ რეჟიმში გადის.

 

- ვიცით, რომ ტრამპს ებრძვიან „დემოკრატები“, გლობალისტები, ტრანსნაციონალური კომპანიები, მხარს ვიღა უჭერს?

 

- დიახ, დიდი ფრონტია გახსნილი ტრამპის წინააღმდეგ. ამ ბრძოლას შეიძლება ტრანსნაციონალურ კაპიტალსა და ამერიკის ნაციონალურ კაპიტალს შორის ომი ვუწოდოთ. ნაციონალურ კაპიტალში შეგვიძლია ვიგულისხმოთ ის დიდი კომპანიები, რომელთაც ბიზნესის 60% და მეტი აშშ-ში აქვთ. ტრამპს მხარს უჭერს თეთრი მოსახლეობის უმრავლესობა (2016 წელს შავკანიანების 88%-მა ტრამპის წინააღმდეგ მისცა ხმა), მორწმუნე ამერიკა, გერმანული, ებრაული, ირლანდიური, ანგლოსაქსური, იტალიური დიასპორები, არმია, ჯარისკაცები, ყოფილი თუ მოქმედი, ფერმერები, ძმები კოხები, შელდონ ადელსონი, „უოლმარტი“, მარკ კუბანი, „ბლექ როკის“ და „ვანგარდ ჯგუფის“ ტოპმენეჯმენტი, ნავთობის და გაზის ბიზნესი, „ბლექსტოუნის“ სტეფან შვარცმანი, ტეხასელი ბანკირები და ენდრიუ ბილი, სამშენებლო ბიზნესის დენის ვაშინგტონი, დიანა ნედრიქსი, ისააკ პერლმუტერი, ფინანსისტი ჩარლზ ჯონსონი, სათამაშო ბიზნესის რუფინების ოჯახი, ჯონ პოლსონი უოლ-სტრიტიდან, ბროკერი თომას პეტერფი, ფინანსისტი ქენ ფიშერი, „ესტე ლაუდერის“ რონალდ ლაუდერი, აიტის სპეციალისტი ჯო ლიმანდტი, „მაიკროსოფტის“ მეწილე ჩარლზ სიმონი, „ჰიუსტონ როკეტსის“ მფლობელი ფერტიტას ოჯახი, რონალდ პელერმანი, საკაბელო ტელევიზიების მაგნატი ჩარლზ დოლანი, ფინანსისტი დუგლას ლეონე, რეიესების ოჯახი, ტელეინდუსტრიის ჯონ მელოუნი და კიდევ ორი ათეული მილიარდერი. აქ ვინც ჩამოვთვალე, 4 მილიარდ დოლარზე ნაკლები არც ერთს არა აქვს. „ბლექ როკს“ 7 ტრილიონი დოლარი აქვს, „ვანგარდს“ კი - 4.

საინტერესოა ძმები კოხები, რომლებმაც კლუბი გააკეთეს, სადაც 600-მდე პოლიტიკური დონორი, მულტიმილიონერები გააერთიანეს - ეს გუნდი ტრამპს დააფინანსებს, რადგან ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი კოხების ძველი მეგობარი და მოკავშირეა. ამერიკულ არჩევნებში ფული უდიდესი ფაქტორია და ტრამპმა უკვე მოხსნა საარჩევნო ფულის მოგროვების რეკორდი.

 

მნიშვნელოვანია, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემის ბანკირებმაც მხარი ტრამპს დაუჭირეს. მათ სესხის პროცენტი 0% გახადეს, კრიზისთან საბრძოლველად 3 ტრილიონი დოლარი გამოუყვეს და განაცხადეს, რომ თუ საჭირო გახდა, კიდევ 4 ტრილიონს მისცემენ. ამ ორგანიზაციასთან უმდიდრესი ოჯახები არიან აფილირებული.

 

- როგორ განვითარდება მოვლენები?

 

- ბრძოლა ოვალური კაბინეტისთვის მხოლოდ გამწვავდება. ტრამპის მოწინააღმდეგეებს არსენალში კორონავირუსის მეორე ტალღა დარჩათ. თუმცა, „ანტიფას“ მოძრაობაც შეიძლება უფრო მასობრივი გახადონ, რასაც ხელს შეუწყობენ „დემოკრატი“ გუბერნატორები და ვაშინგტონის მერის მსგავსი პირები, რომელმაც ეროვნული გვარდია სასტუმროებიდან გამოყარა.

 

ტრამპი შეტევაზე სექტემბრიდან გადავა და აქტიურად გამოიყენებენ ბაიდენ-პოროშენკოს სატელეფონო საუბრებს, რომელთა მხოლოდ მცირე ნაწილი გასაჯაროვდა. უკრაინელების ცნობით, იქ რამდენიმესაათიანი სკანდალური მასალაა.

 

შემოდგომისთვის უნდა ველოდოთ დაძაბულობას აშშ-ჩინეთის ურთიერთობაში, სადაც შესაძლოა ამერიკული ფლოტი გაიგზავნოს, კერძოდ, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების პირველი წყება ტრამპმა უკვე გამოაცხადა. გაურკვევლობა იქნება აშშ-ევროკავშირის ურთიერთობაში. ტრამპი „აღშფოთდა“, როდესაც გაიგო, რომ ევროკავშირი ამერიკულ ლობსტერს 40%-ით ბეგრავს, ხოლო კანადურს, რომელიც იმავე აკვატორიაშია დაჭერილი, 0%-ით და გასცა განკარგულება, რომ ევროპულ ავტომობილებზე არანაკლები ტარიფები დაწესდეს. ეს ფრაუ მერკელის დიდ შვიდეულზე კემპ-დევიდში ჩასვლაზე უარის თქმის საპასუხო რეაქციად უნდა მივიღოთ.

 

ასე რომ, საინტერესო და დაძაბული შემოდგომა გველოდება. ამერიკის არჩევნების შედეგებს უდიდესი მნიშვნელობა ექნება მთელი პლანეტის შემდგომ ბედზე და საქართველოზეც, რადგან ჩვენთან პოლიტიკური სიტუაცია ამერიკაში ელიტების განლაგების სარკისებრი ანარეკლია. ამას ხელისუფლებაც ხედავს და პოლიტიკუმის ლიბერალური ფრთაც - ორივე გაყურსულია და ამ თემებზე სიტყვასაც არ ძრავენ, რადგან შარში გახვევა არც ერთს არ უნდა. ამ დროს ხელისუფლებაში უმრავლესობა „ლოცულობს“ ტრამპის გამარჯვებაზე, ხოლო ლიბერალურ პოლიტიკუმში კი პირიქით - სოროსისა და გლობალისტების წარმატებაზე „ოცნებობენ“.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner