დღევანდელი შეხვედრის დროს, მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო პანდემიასთან ბრძოლას და იმ მხარდაჭერას, რომელიც ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით გამოხატა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, აღმოსავლეთ პარტნიორი წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოანწილეობდა.
დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ დღეს უნდა გამართულიყო სამიტი, მაგრამ პანდემიამ მნიშვნელოვანი კორექტირება შეიტანა სამიტის ფორმატში და აქედან გამომდინარე, სრულფასოვანი სამიტი 2021 წლის დასაწყისში, პორტუგალიის თავმჯდომარეობის პირობებში ჩატარდება.
როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ დღეს მაინც ჩატარდა ლიდერების შეხვედრა და ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საქართველო პრემიერ-მინისტრისთვის, რომ წარმოედგინა საქართველოს პოზიცია და ხედვები აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით.
„დღევანდელი შეხვედრის დროს, მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო პანდემიასთან ბრძოლას და იმ მხარდაჭერას, რომელიც ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით გამოხატა. ცნობილია, რომ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები იყვნენ ის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორები, რომლებმაც ძალიან სერიოზული ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინეს საქართველოს. ეს სოლიდარობა და მხარდაჭერა იქნება გადამწყვეტი, ასევე, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმაზე, რომ საქართველო ძალიან აქტიურად მუშაობს ეკონომიკის აღორძინებაზე, ასევე საზღვრების გახსნის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ბევრი ქვეყანა აღიარებს საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყანას და დარწმუნებული ვარ, რომ ორმხრივი მოძრაობა, როგორც საქართველოს მიმართულებით, ისე საქართველოდან ევროკავშირის მიმართულებით უახლოეს პერიოდში იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, გიორგი გახარიამ უაღრესად მკაფიოდ ისაუბრა იმ ძირითადი პრიორიტეტების შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან მიმართებაში.
„რა თქმა უნდა, პირველი მთავარი პრიორიტეტი არის წევრობა, საქართველოს ევროპული ასპირაცია და ევროპული არჩევანი. საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ამ ფორმატთან მიმართებით გახლავთ ასევე ერთიან ევროპულ ბაზარში გაერთიანება და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია უკვე გადადგმული და ქვეყანა მომავალშიც გადადგამს სერიოზულ ნაბიჯებს ამ მიზნის მისაღწევად. ასევე, აღინიშნა, რომ აუცილებელია დიფერენცირებული და ყოვლისმომცველი მიდგომა, რასაც აღიარებენ ასევე ჩვენი ევროპელი პარტნიორები. საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორ წევრ ქვეყნებს შორის და პრინციპი მეტი მეტისთვის, როდესაც ქვეყანა მეტს აკეთებს გაწევრიანებისთვის, უნდა იყოს ასევე საპასუხო ნაბიჯებით გამყარებული და თარგმნილი პრაქტიკულ განზომილებაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის და პრიორიტეტული, გახლავთ საქართველოს, როგორც დამაკავშირებლის ფუნქცია, როლი და ასევე, შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ფუნქციის გამოყოფა, რადგანაც აუცილებელია, მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტების, სატრანსპორტო დამაკავშირებელი პროექტების განხორციელება, სადაც საქართველოს ექნება ერთ-ერთი ცენტრალური და მნიშვნელოვანი როლი. რაც არანაკლებ პრიორიტეტულია, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია, ევროკავშირის მეტი ჩართულობა. ევროკავშირი ასრულებს ერთ-ერთი მთავარი აქტორის როლს ჟენევის ფორმატში და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც მედიაცია გაუწია ევროკავშირმა, ეს იქნება კვლავ პრიორიტეტული და დარწმუნებული ვართ, რომ ევროკავშირის ჩართულობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.