ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღევანდელი ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა, 2 ნახევარ დოლარზე მეტი დახარჯოს თავის თავზე, შემცირებულია.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, ამ თვის დასაწყისში მსოფლიო ბანკმა დაასრულა კვლევა მათ შორის, სიღარიბესთან დაკავშირებით და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევა, რომელზეც მოსახლეობასთან კომუნიკაციაა საჭირო.
„კვლევის მიხედვით, ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა, დღეში 2 ნახევარ დოლარზე მეტი დახარჯონ თავის თავზე, 2012 წელს 1 900 000 ადამიანი იყო. ამდენი ადამიანი გვყავდა ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც არ ჰქონდა შესაძლებლობა, 2-ნახევარი დოლარი დაეხარჯათ თავის თავზე. სწორედ ამ უკიდურეს სიდუხჭირეზეა ლაპარაკი. ჩვენი ხელისუფლების პირობებში 490 000 ადამიანმა ამ ზღვარს თავი დააღწია, თუმცა დღეს კიდევ 1 400 000 ადამიანზე მეტია დარჩენილი, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა, 2-ნახევარ დოლარზე მეტი დახარჯოს თავის თავზე. იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც თავი ამ სიდუხჭირეს დააღწია, პირდაპიროპორციულადაა დამოკიდებული დასაქმებაზე და ხელფასების ზრდაზე. მე პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ წინა ხელისუფლება არა მარტო ძალადობდა ამ მოსახლეობაზე, არამედ მას აშიმშილებდა. ფორუმზე ჩვენ ეს მასალა გავშალეთ. ვისაუბრეთ ასევე იმაზე, რომ როდესაც კიდევ 1 400 000 ადამიანია, რომელიც ვერ ახერხებს, 2-ნახევარი დოლარის დახარჯვას თავის თავზე, იმის მოძებნა, რომ ვიღაცა გაჭირვებულია, არის მარტივი, თუმცა მნიშვნელოვანია ეკონომიკური პოლიტიკა, რომელმაც უზრუნველყო ის, რომ 490 000 ადამიანი ამოვიდა ამ უკიდურესი გაჭირვებიდან", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, ფორუმზე საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს და ბიზნესის დამოკიდებულებასაც.
„ბიზნესის ნდობის ინდექსი, რომელსაც ეკონომიკის საერთაშორისო ინსტიტუტი ზომავს, 2015 ბოლო კვარტალსა და 2016 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და ეს იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანაში გვაქვს ჯანსაღი ძლიერი ეკონომიკა, ბიზნესი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ახალი სამუშაო ადგილები შექმნას, მითუმეტეს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ყველა პროექტი მიმდინარეობს. ეს რიცხვი არის ყველაზე დიდი 2008 წლიდან, შესაბამისად, ქვეყანაში ბევრი ინვესტიცია შემოგვდის. ძალიან სუსტი ოპონენტები გვყავდნენ დღევანდელ შეხვედრაზე. ყველა იყო მოწვეული, ვისაც აზრის გამოთქმის სურვილი ჰქონდათ. ჩვენ მწვავე კითხვებს ველოდებოდით. კითხვები და შეფასებები, რაც დაისვა, მინდა ვთქვა, რომ უსუსური იყო. მათ შორის, შეშელიძემ თქვა, რომ რატომ გიკვირთ წინა ხელისუფლების, იმათ ჯერ ბიზნესს ფული გაუჩინეს ჯიბეში და მერე ხელი ჩაუყვესო", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.