გერმანიის პროკურატურამ არასწორად შეარჩია სიტყვები, როდესაც საქართველოს მთავრობა დაახასიათა, როგორც "პრორუსული" , - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.
მისი შეფასებით, ევროკავშირი მეზობლებს მსგავსი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო მეტად უნდა დაეხმაროს.
„ქართველმა ოფიციალურმა პირებმა საბედნიეროდ, თავიდან აიცილეს კიდევ ერთი მკვლელობა თბილისში, რომელიც სავარაუდოდ კადიროვმა დაუკვეთა. ევროკავშირი მეზობლებს ასეთი საზარელი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო მეტად უნდა დაეხმაროს. გერმანიის პროკურატურამ არასწორად შეარჩია სიტყვები, როდესაც საქართველოს მთავრობა დაახასიათა, როგორც "პრორუსული" , - წერს კრამონი „ტვიტერზე“.
ცნობისთვის, გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენა.
მედიის ინფორმაციით, გერმანიის ფედერალური პროკურორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების ფედერალურმა ორგანოებმა ბრალდებულს დავალება მისცეს საქართველოს მოქალაქის ლიკვიდირების თაობაზე“.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მკვლელობის დაკვეთას წინ უძღოდა მსხვერპლის მტრული დამოკიდებულება "რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების, მისი ავტონომიური რესპუბლიკების- ჩეჩნეთისა და ინგუშეთის მთავრობებისა და საქართველოს პრორუსული მთავრობის მიმართ".