„მხედრიონის“ ყოფილი წარმომადგენელი დოდო გუგეშაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ტყუილის თქმა უწევდა, რომ თითქოს თავდასხმის დროს მისი შვილის მკვლელი ვერ დააფიქსირდა.
„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ვერ დავინახეთქო. ეს იყო ჩემი ტაქტიკა, რადგან მკვლელისთვის ქვეყნის დატოვების საშუალება არ მიმეცა. ტყუილი შეგნებულად ვთქვი, სინამდვილეში მკვლელი დავინახე და ჩემი ძალებით ვეძებდი მას“, – უთხრა „პრაიმტაიმს“ დოდო გუგეშაშვილმა.
დღეს სასამართლო პროცესზე დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობასა და მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულ ზაზა მურჯიკნელის ადვოკატებმა დაზარალებულის ჩვენების საქმიდან ამოღება მოითხოვეს. მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ დოდო გუგეშაშვილმა გამოძიების ეტაპზე ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა.
შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილსა და მის ვაჟზე შეიარაღებული თავდასხმა 2018 წლის 7 თებერვალს მოხდა.
დედა-შვილს საცხოვრებელ სახლში დაესხნენ თავს. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად დოდო გუგეშაშვილი გულ-მკერდის არეში დაიჭრა, ხოლო მისი შვილი ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული ზაზა მურჯიკნელი ორი წლის შემდეგ დააპატიმრეს.