„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე მიიჩნევს, რომ არჩევნებზე მისვლა სავალდებულო უნდა გახდეს. ამის შესახებ მჟავანაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე დასძინა, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს უკვე წარუდგინა, თუმცა, დიდი იმედი არ აქვს, რომ დღევანდელი მოწვევის პარლამენტი ამ საკითხს გადაწყვეტს.
„ჩვენმა ორგანიზაციამ პარლამენტში შეიტანა საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიხედვითაც, არჩევნებზე გამოცხადება სავალდებულო უნდა გახდეს. ეს ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციაში, საარჩევნო კანონმდებლობაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანას და არჩევნებზე არმისვლა ამომრჩევლისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების ტოლფასი იქნება. ასეთი პრეცედენტები ძალიან ბევრ ქვეყანაშია. ზოგან კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც არის გათვალისწინებული.
გუშინ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ამ საკითხის განხილვა გვქონდა. გავაკეთეთ მოხსენება. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ამ კომიტეტმა დიდი იმედი დამიტოვა. ვფიქრობ, დღევანდელი პარლამენტი ამ საკითხს ვერ გადაწვეტს. ისე, როგორც ბევრ სხვა მნიშვნელოვან საკითხს ვერ წყვეტს", - განაცხადა მჟავანაძემ.