logo_geo
eng_logo
ნოდარ ხადური: გვახსოვს, წლების მანძილზე როგორ ილახებოდა საკუთრების უფლება!
- +

20 ივნისი. 2016. 22:18



„ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად მუშაობა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დავიწყეთ", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.

 

"გვახსოვს, წლების მანძილზე როგორ ილახებოდა  საკუთრების უფლება, როცა  პირველივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა ხდებოდა და ბიზნესმენის მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ სასამართლო დავის მოგება თეორიულადაც რომ დაგვეშვა, მისი ქონება უკვე გაყიდული იყო-ხოლმე. ერთ-ერთი რევოლუციური ცვლილება, რაც კანონმდებლობაში შევიტანეთ არის ის, რომ სასამართლო დავის დასრულებამდე კერძო ქონებაზე იძულებითი ღონისძიებები არ ხორციელდება. ასევე მნიშვნელოვანია ის ცვლილება, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, შემოსავლების სამსახური ქონებაზე ყადაღასაც ვერ დაადებს და საგადასახადო შემოწმებას მხოლოდ საგადასახადო ორგანო ახორციელებს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.


მისი თქმით, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუციები საქართველოში არჩევნებს, როგორც ბიზნესისთვის რისკფაქტორს, აღარ განიხილავენ.


"საარჩევნო წელს ამდენი ინვესტიცია არასოდეს ყოფილა. პირველ კვარტალში, რომელიც ყოველთვის პასიურია-ხოლმე, შარშანდელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 103 %-ით არის გაზრდილი. კონტრაქტები, რომლებიც მათ შორის, უცხოელ ინვესტორებთან არებობს, ადასტურებს იმას, რომ სერიოზული ინვესტირების პროცესი მომავალ კვარტლებშიც გაგრძელდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.


როგორც მან აღნიშნა, ყველა პრობლების მოგვარება მყისიერად შეუძლებელია.


"თვითდასაქმებულთა და სოფლად მცხოვრებ მოქალაქეთა შემოსავლები ძალიან დაბალია, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ სამუშაო ადგილები რეალურად შეიქმნა, რითაც  ათეულობით ათასი ადამიანი სიღარიბეს გამოეგლიჯა. გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, სწორია და მას სისტემურად სიღარიბის შემცირებისკენ მივყავართ. მთავარია, მთავრობა ქმნიდეს ბიზნესის კეთების შესაძლებლობას და ბიზნესი მას იყენებდეს, ბიზნესს კი, დღეს ამის შესაძლებლობა აქვს", - განაცხადა ხადურმა.


მისი თქმით, 4 წლის განმავლობაში ბევრი ახალი საწარმო შეიქმნა და ბევრიც განვითარდა.


"საქართველო არ არის ისეთი დიდი ქვეყანა, რომ დაინტერესებულმა პირებმა შექმნილი ახალი საწარმოები ვერ ნახონ. ოპონენტებს შეუძლიათ, ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში ნახონ წვრილი, საშუალო და მსხვილი საწარმოები, რომლებიც სულს ღაფავდნენ და დღეს ახალ ბაზრებს ითვისებენ. ის, რომ ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე დაბრუნდა, ნელ-ნელა ევროპულ ბაზარზე შედის და ვსაუბრობთ ჩინელ კოლეგებთან იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენს ბიზნესმენებს ამის შესაძლებლობა აქვთ", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner