logo_geo
eng_logo
დღეს წმინდა თევდორეს ხსენების დღეა!
- +

21 ივნისი. 2020. 02:38

 

 

წმიდა მოწამე თევდორე მღვდელი (კველთელი) XVII საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ირანი და ოსმალეთი ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყვნენ გადაკიდებულნი ქალაქ ბაღდადის გამო. 1609 წლის დასაწყისში ოსმალეთმა იძალა სპარსეთზე, წაართვა ბაღდადი, შემდგომ მიიტაცა სამცხე-საათაბაგო და იმავე წლის ივნისში ახალციხიდან შემოესია საქართველოს.

 

ამ დროს საქართველოში მეფობდა ახალგაზრდა მეფე წმიდა ლუარსაბ II (ხს. 21 ივნისს). ის მცირე ამალით ცხირეთის ციხეში, თავის საზაფხულო რეზიდენციაში იმყოფებოდა. ოსმალებმა, რომლებმაც მეფის სამყოფელი იცოდნენ, გადაწყვიტეს უმოკლესი გზით შეჭრილიყვნენ შიდა ქართლში, ცხირეთის ციხეს თავს დასხმოდნენ, შეეპყროთ ლუარსაბი და ამ გზით მთელი საქართველო დაემორჩილებინათ.

 

ოსმალებმა სწრაფად გადმოლახეს თრიალეთი, ქართლში შემოსასვლელი გზების მცველი ქართველები ამოხოცეს და მოულოდნელად მოადგნენ მანგლისს. მანგლისის ღვთისმშობლის ეკლესია დარბევას სასწაულებრივად გადაურჩა. მემატიანე წერს: „ესევითარმა ღრუბელმა ზრქელმა და ნისლმა დაფარა იგი, ვიდრეღა პირისპირ მისა ჩავლეს ესოდენმა სიმრავლემან მეომართამან და ეკლესია იგი სოფლითურთ ვერ იხილეს“. წმიდა ლუარსაბმა არაფერი იცოდა თავდასხმის შესახებ, მტერს კი ცხირეთამდე სულ ხუთიოდე საათის სავალი რჩებოდა. მანგლისიდან მეფის საზაფხულო რეზიდენციამდე რამდენიმე გზა მიდიოდა. ოსმალებს ვერ გადაეწყვიტათ, რომელ გზას დასდგომოდნენ.

 

მანგლისის ახლოს, სოფელ კველთაში, თათრებმა შეიპყრეს ქართველი მღვდელი, „სახელად თევდორე, პატიოსანი და მოშიში ღვთისა და ერთგული მეფისა თვისისა“. მღვდელი თურმე ეკლესიას კეტავდა, სხვებთან ერთად ტყეში გაქცევა ვერ მოესწრო, რადგან ეკლესიის განძეულობა გადამალა მტრის ხელყოფისგან. მამა თევდორეს ოსმალებმა მეგზურობის გაწევა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას წამებით სიკვდილი ელოდა. „ხოლო მან, ნეტარმან ხუცესმან, აღირჩია სიკვდილი, ვიდრე განცემა მეფისა და გაწირვა საქართველოჲსა“. მღვდელმა ლაშქარი გზას ააცდინა და ცხირეთს დააშორა. დასავლეთით მიმავალი ოსმალთა ჯარი ფიქრობდა, საცაა ჩრდილოეთით გავუხვევთ და მეფეს იდუმალ დავადგებითო თავს. უგზოზე დიდი ხნის სიარულის მერე, როცა „გზასა ძნელთა და იწროთა და კლდოვანთა და სხვათა მათსა ცხენნი მრავალნი და კაცნი შთაცვივნეს კლდეთა და კაპანთა და მოსწყდეს“, ოსმალები მიხვდნენ, რომ მოტყუვდნენ. „იხილეს რა თავნი თვისნი ესრე მოცთომილნი და შეიწრებულნი, კაცთა მათ სახელოვანთა შეიპყრეს ხუცესი იგი და თავი წარკვეთეს“.

 

თევდორეს თავდადებამ ნაყოფი გამოიღო. წმიდა მეფე ლუარსაბმა ციხეში გამაგრება მოასწრო, შემდეგ კი ქართველთა ლაშქარმა მოთარეშეებს მუსრი გაავლო.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner