საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი თაზო დარჩიძე გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის შესახებ წერს, რომლის შექმნის იდეა ერთი წლის წინ გაჩნდა და დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ იდეა შედგა!
„ერთი წლის წინ, როცა გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის მოკრძალებული იდეა გავაჟღერეთ ბევრი ვერ იფიქრებდა პროცესის ასე დინამიურ განვითარებას!
ეს ერთი წელი დღეს ასე შეფასდა "გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი - გზა იდეიდან პროექტამდე". პირველი საველე გასვლა, მომავალი ბაღისათვის საჭირო ტერიტორიის ფეხდაფეხ ძიება, მისი შერჩევა და იდეის ირგვლივ ენთუზიასტების გულწრფელი, უანგარო მუშაობა, ალბათ ასე გაიხსენებენ ამ წამოწყებას სამომავლოდ... რა ხდება დღეს? - სხვადასხვა ინსტანციებში რთული პროცედურების მიუხედავად ალპური ბოტანიკური ბაღისათვის შერჩეული ტერიტორია რამდენიმე დღეში ბათუმის ბოტანიკური ბაღის განკარგულებაში იქნება; შემუშავებულია ბაღის განაშენიანების ძირითადი კონცეფცია, მოძიებულია დონორი, პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც წელს ბაღის ტერიტორიაზე პირველ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დაიწყებენ, ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან შეთანხმებულია ასევე პროექტის ძირითადი ეტაპის დაფინანსებაც, პროექტის ირგვლივ შემოკრებილია ძალიან ბევრი კარგი ადამიანი!რატომ? იმიტომ, რომ ეს სჭირდება აჭარის მაღალმთიანეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებას, მცენარეთა მრავალფეროვების დაცვას და პოპულარიზაციას, ბაღის ეკოსაგანმანათლებლო მიზნების შესრულებას, მაღალმთიანი აჭარის ეკოსისტემის დაცვასა და გაჯანსაღებას!
P.S დღეს ანდრეას გრიოგერი (მიუნხენის ბოტანიკური ბაღის კურატორი და მიუნხენის ალპური (შახენის) ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო კურატორი) ხევსურეთში დამღლელი ექპედიციის შემდგომ უანგაროდ შეუერთდა გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის სამუშაო ჯგუფს, მისი გამოცდილება და ხედვები მნიშვნელოვანია, რისთვისაც მადლობა მას. უფრო მეტიც, ანდრეასი გერმანიაში ქართველ ახალგაზრდასთან ერთად დაბრუნდება, რომელიც სტაჟირებას შახენის ალპურ ბოტანიკურ ბაღში (ბავარია) გაივლის და შემდგომში დაბრუნდება პროექტის ძირითადი მიზნების უზრუნველსაყოფად.
წარმატებებს ვუსურვებ ყველას ვინც აგრძელებს ამ პროექტს და ვინც მხარს უჭერს მას..."