logo_geo
eng_logo
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციურ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
- +

22 ივნისი. 2020. 20:45

 

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს პარლამენტის 85 წევრის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

 

კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლას უკავშირდება, სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

 

კონსტიტუციური კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 პარლამენტის წევრისაგან.

 

პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილია 1-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი, ხოლო საარჩევნო ბლოკებისთვის დადგენილია დიფერენცირებული ბარიერი - რამდენი პარტიაც არის წარმოდგენილი ბლოკში, იმდენ პროცენტიანია მათთვის საარჩევნო ბარიერი.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ მანდატების განაწილების წესზე საუბრისას განაცხადა, იმისათვის, რომ დადგინდეს პარტიის ან ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა, ხმების რაოდენობა მრავლდება 120-ზე და იყოფა ყველა ბარიერგადალახული სუბიექტის ხმების რაოდენობაზე.

 

ეს წესი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა ანუ ზედმიწევნით პროპორციული იქნება მანდატების განაწილება. რაც შეეხება ერთ ან ორ გაუნაწილებელ მანდატს, რომელიც პრაქტიკაში შეიძლება დარჩეს, ისინი გადანაწილდება თანმიმდევრობით უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკურ პარტიებზე, რაც არის ყველაზე სამართლიანი წესი“, - აღნიშნა მომხსენებელმა.

 

ირაკლი კობახიძემ განმარტება გააკეთა ე.წ. 40%-იან ჩამკეტთან დაკავშირებით.

 

თუ პოლიტიკური პარტია მიიღებს 40%-ს, ამ შემთხვევაში ჩამკეტი გულისხმობს ამ 40%-ის მეოთხედის დამატებას. ეს არის 10%-და 40%-ით პოლიტიკური პარტია ვერ მიიღებს მანდატების 50%-ზე მეტს, რაც არის ამ შემთხვევაში 75- ზე მეტი ანუ შეიძლება გეკუთვნოდეს პირდაპირი წესით 76 -77 მანდატი, მაგრამ ჩამკეტი გულისხმობს იმას, რომ 40%-ით შენ ვერ მიიღებ მანდატების 50%-ზე მეტს. თუ გაქვს 44%-ი, ამ შემთხვევაში ვერ მიიღებ მანდატების 55%-ზე მეტს, თუ გაქვს აღებული ხმების 8%-ი, ამ შემთხვევაში ვერ მიიღებ მანდატების 10%-ზე მეტს და ა.შ. თუ იქნება გადაჭარბება დადგენილი ზღვრიდან, ამ შემთხვევაში, შესაბამისი მანდატები პროპორციულად გადანაწილდება სხვა პოლიტიკურ პარტიებზე“, - განაცხადა მომხსენებელმა.

 

კანონის პროექტით, შეიქმნება 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო, საიდანაც თბილისში შეიქმნება 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, აღმოსავლეთ საქართველოში - 10, ხოლო დასავლეთ საქართველოში - 12.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პირველი მოსმენის დროს გამოთქმული შენიშვნა, რომელიც შეეხებოდა კონკრეტული მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ადმინისტრაციული საზღვრებს, გათვალისწინებული იქნება.

 

მიზანშეწონილია თემები ორთაბათუმი, ახალშენი და ფერია, ნაცვლად ქობულეთის საარჩევნო მაჟორიტარული ოლქისა, დაუბრუნდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს და იყოს გაერთიანებული მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში“, - განაცხადა მომხსენებელმა.

 

საარჩევნოდ პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის ერთჯერად წესზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დროებითი რეგულაციის თანახმად, პარტიებს ევალებათ არა 25 ათასი, არამედ 5 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერის შეგროვების ვალდებულება, რაც განსაკუთრებით აქტუალურია პანდემიის პირობებში. მან ასევე ისაუბრა იმ პოლიტიკურ სუბიექტებზე, რომლებიც თავისუფლდებიან ხელმოწერების შეგროვების ვალდებულებისაგან.

 

„5 ათასი ხელმოწერის შეგროვების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან: კვალიფიციური პოლიტიკური პარტიები და ასეთი 19 პოლიტიკური პარტია; ასევე, ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დამოუკიდებლად ან ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდნენ ბოლო პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, თუ შესაბამისად, პარტიამ ან ბლოკმა მიიღო 15 ათასი ნამდვილი ხმა მაინც; და ასევე, ამ ვალდებულებისგან თავისუფლდება ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც ჰყავდა წარდგენილი თავისი კანდიდატი ხმა მაინც მიიღო. ასე არის ჯამში სამი პოლიტიკური პარტია, ანუ 22 პოლიტიკური პარტია სრულად თავისუფლდება ხელმოწერების შეგროვების ვალდებულებისგან, ყველა დანარჩენს კი უწევს 5 ათასი ხელმოწერის შეგროვება“, - განაცხადა მომხსენებელმა.

 

ირაკლი კობახიძის განაცხადებით, გათვალისწინებული იქნება კონსტიტუციური კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომელიც გულისხმობს მაჟორიტარულ არჩევნებში კანდიდატების დასახელების წესისა და უფლებამოსილი სუბიექტების თაობაზე რეგულაციის ცალკე გაწერას.

 

მისივე თქმით, თუ 2024 წლამდე ჩატარდება პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები, ამ შემთხვევაში ეს არჩვენები ჩატარდება ზუსტად იგივე სისტემით, რა სისტემაც დადგინდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

 

თუ 2024 წლამდე ჩატარდება პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები, ამ შემთხვევაში პარლამენტის უფლებამოსილების ვადა იქნება შეკვეცილი ანუ ის არ აირჩევა ოთხი წლის ვადით, არამედ 1, 2 ან 3 წლის ვადით და ყველა შემთხვევაში პარლამენტს უფლებამოსილების ვადა გაუვა 2024 წლის ოქტომბერში. ეს ნორმა გაიწერა იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი მანიპულაცია და რიგგარეშე არჩევნების ხელოვნურად გამოწვევა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას, ასევე, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემადგენლობების განსაზღვრულობის ხარისხის გაზრდას ითვალისწინებს.

 

როგორც მომხსენებელმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა, სამწუხაროდ, ბოლო წლებში ძალიან მოიმატა ბავშვთა მიმართ სქესობრივმა დანაშაულმა.

 

ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, რომელიც ზრუნავს საკუთარი ქვეყნის მომავალზე, აუცილებელია გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები, მით უფრო, თუ ჩავიხედავთ სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედ ვერსიაში, მთელი რიგი დანაშაულები ბავშვთა მიმართ არის ძალიან დაბალი სანქციებით დასჯადი“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

მისივე თქმით, ცვლილებების მიზანია სანქციები იყოს ძალიან მაღალი, რომ მათ ჰქონდეთ პრევენციული დანიშნულება და ამავე დროს, გამოიწვიოს ასეთი ტიპის დანაშულების კლება.

 

კანონპროექტის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა არასრულწლოვანის წინააღმდეგ ჩაიდინა კოდექსის 253-ე-255-ე, 255¹ და 255² მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული (პროსტიტუციაში ჩაბმა; პროსტიტუციის ხელშეწყობა; პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადება ან გასაღება; არასრულწლოვნის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში; თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის შეხვედრის შეთავაზება სექსუალური მიზნებისათვის) დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია.

 

ცვლილებების მიხედვით, ბავშვთა მიმართ სქესობრივი დანაშაულების შემთხვევაში უქმდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ხანდაზმულობის ვადა.

 

კანონპროექტის თანახმად, გარკვეული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში აკრძალული იქნება მსჯავრდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება.

 

137-ე მუხლს(გაუპატიურება) ემატება დამამძიმებელი გარემოება, - თუ დანაშაული ჩადენილია არასრულწლოვნის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით.

 

კანონპროექტით მკაცრდება პასუხისმგებლობა 14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების (მუხლი 138) ჩადენისთვის.

 

138-ე მუხლს, რომელიც არასრულწლოვნის წინააღმდეგ ამ დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით ითვალისწინებს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ემატება მე-4 ნაწილი, რომელიც დაარეგულირებს 14 წლამდე პირის მიმართ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას და სასჯელის სახით გაითვალისწინებს 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ასევე, მე-3 ნაწილის ნაცვლად, მე-4 ნაწილში იქნება გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება გამოიწვევს დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობას და ამ შემთხვევაშიც პირს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დაეკისრება 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

 

პროექტით მკაცრდება 140-ე მუხლის (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში) მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია და ნაცვლად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთისა, განისაზღვრება 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

 

კანონპროექტის მიხედვით, იცვლება პროსტიტუციაში ჩაბმის ქმედების შემადგენლობა, დანაშაულს ემატება რამდენიმე ახალი დამამძიმებელი გარემოება და მკაცრდება პასუხისმგებლობა.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, შემოთავაზებული ცვლილებები წარმოდგენილია არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერსების დასაცავად, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს გამორჩეული მზრუნველობის ქვეშ.

 

ვფიქრობ, რომ წარმოდგენილი მნიშვნელოვანი ცვლილებები სისხლის სამართლის პოლიტიკის თვალსაზრისით, თავსდება იმ საერთო ევროპული სისხლის სამართლის პოლიტიკის ხედვაში, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ამ კატეგორიის დანაშაულების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა განსაკუთრებული მიდგომა და შესაბამისი პროპორციული სანქციების გამოყენება“, - აღნიშნა ანრი ონანაშვილმა.

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას და კობა ლურსმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“.

 

მომხსენებლის, რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განმარტებით, კანონპროექტის მიზანია, რომ 2018 წლის 10 აპრილამდე ანუ იქამდე, სანამ კომპანია „სი-თი პარკთან“ შეწყდებოდა ხელშეკრულება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის და მათ შორის, თბილისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დაკისრებული ჯარიმებისგან ან/და საურავებისგან მოქალაქეების გათავისუფლება.

 

აღნიშნული ჯარიმების საერთო რაოდენობა დაახლოებით 850 ათასი ლარია. საკითხი ეხება ათასობით მოქალაქეს. მინდა დავაზუსტო, რომ ცვლილებების არსი უკავშირდება იმ ჯარიმებისგან გათავისუფლებას, რომელიც არ არის გადახდილი დღემდე. ეს გადაუხდელი ჯარიმები დღემდე რჩებოდა მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ფინანსურ პრობლემად ჩვენი მოქალაქეებისათვის და ჩვენი გადაწყვეტილებით, ამ ცვლილებების მიხედვით ეს მოქალაქეების გათავისუფლდებიან ჯარიმის, საურავისა და აღსრულების ხარჯებისგან“, - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

 

ახალი კანონის პროექტის მიზანია იმგვარი სამართლებრივი გარემოს შექმნა, რომელშიც იარსებებს რეაბილიტაციის წამახალისებელი ეფექტიანი მექანიზმები და ყველა კრედიტორის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების მაქსიმალურად ეფექტიანად და სამართლიანად დაცვის გარანტიები.

 

გარდა ამისა, კანონპროექტის მიზანია სასამართლოსთვის დროული მიმართვიანობის წახალისება, ვინაიდან კომპანიის ფინანსური კრიზისის საწყის ეტაპზე კანონმდებლობით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენების შემთხვევაში რეაბილიტაციის ალბათობა ბევრად მაღალია.

 

კანონპროექტის მიღებით აღმოიფხვრება გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში არსებული ის ხარვეზები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად აჭიანურებს პროცესის მიმდინარეობას - ეს კი პირდაპირპროპორციულად აისახება საწარმოთა გაკოტრების მაჩვენებელზე.

 

კანონპროექტი უზრუნველყოფს პროცესში მონაწილე პირთა თანასწორუფლებიანობას, მათი უფლებების აღსრულების მექანიზმების გაჩენას და ამ მიმართულებით სასამართლოს როლის გაზრდას. ამასთან, პროექტით საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება „გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის“ პროფესია, რომლის რეგულირების შემოთავაზებული მექანიზმი რეაბილიტაციისა და გაკოტრების მმართველთა კვალიფიციურობის ხარისხისა და მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების სტანდარტის ზრდას უზრუნველყოფს.

 

აღნიშნული მიზნების მიღწევა, თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება „გადარჩენილ საწარმოთა“ რაოდენობაზე.

 

კომიტეტმა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner