დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე გააგრძელა მსჯელობა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის განხილვაც გასულ კვირაში დაიწყეს, მაგრამ გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით დამატებითი კონსულტაციების გამართვის საჭიროების გამო გადაიდო.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ საკანონმდებლო დონეზე მკაფიოდ დარეგულირდეს საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი (არარეზიდენტი) პირების მოქმედების საკითხი, რომლებიც არ ფლობენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ თამაშების მიწოდების შესახებ ნებართვას.
ასეთი ოპერატორები დღეს ფაქტობრივად საქმიანობენ ქართულ ბაზარზე, ხოლო მათ მიერ მოწყობილი თამაშები, ცალკეულ შემთხვევებში, არ ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რეგულირებას.
ისინი არ იხდიან შესაბამის მოსაკრებლებს და გადასახადებს და შეუძლებელია იმის დადგენა, რამდენად კეთილსინდისიერად ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას.
მსოფლიოს სხვადასხვა იურისდიქციებში მიღებული პრაქტიკაა, რომ სათამაშო სფეროსთან დაკავშირებული არსებითი პროდუქციის და სერვისების მომწოდებლებმა გაიარონ ავტორიზება შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს მიერ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას თქმით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში არსებულ სათამაშო აპარატებზე არ არსებობს მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ნებართვის გამცემი ეფექტიანად გააკონტროლებს აღნიშნული საკანონმდებლო მოთხოვნის შესრულებას.
კომიტეტმა გასულ კვირაში საკითხი ფაქტობრივად განიხილა, დასაზუსტებელი დარჩა რამდენიმე ნიუანსი, რომელთა თაობაზეც მეტი სიცხადის შეტანისთვის მომხსენებელს კიდევ რამდენიმე დამაზუსტებელი შეკითხვა დაუსვეს.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, - „ნაკლები ენთუზიაზმი გვაქვს ამ კანონპროექტის მხარდამჭერისთვის, იმის გამო, რომ ჩვენ სოციალურ თემებთან დაკავშირებული სხვა საკითხების განმსაზღვრელი პროექტის მომზადების სურვილი გვქონდა. ამ დღებში ჩვენ გვქონდა კონსულტაცია და მივიღეთ დასტური, რომ რაც შეიძლება მალე გვექნება მსჯელობა მეორე კანონზეც, რომელსაც საზოგადოება ელის, რომელშიც ამ თემის სოციალური ნაწილზეა საუბარი თვითაკრძალვა იქნება თუ სხვა მთელი რიგი საკითხები, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“.
მომხსენებელმა უპასუხა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს და დეტალურად ისაუბრა, თუ რა მექანიზმებს გულისხმობს კანონპროექტი სათამაშო ბიზნესის კონტროლისთვის, რომ არ არსებობდეს ფულის გათეთრების ფაქტები.
ასევე, კანონი განსაზღვრავს მთავრობის პასუხისმგებლობას სფეროს ზედამხედველობისადმი.
მიხეილ დუნდუას განმარტებით, - „მივიღებთ შედეგს, რომ ონლაინ კაზინოებსა და საერთოდ სათამაშო ბიზნესში ფულის გათეთრების რისკები იქნება მინიმუმამდე დაყვანილი. ნულამდე იქნება დაყვანილი ვერიფიკაციის და იდენტიფიკაციის გარეშე როგორც კაზინოს მფლობელების, ისე მოთამაშე პირის პროცესში მონაწილეობა. არასწორი კომპიუტერული პროგრამების და თამაშობების გზით, ასეთი მაქინაციების შესაძლებლობა ან თაღლითური გზით ფულის კეთება შეუძლებელი იქნება და ეს სფერო გახდება უსაფრთხო. ამის შემდგომ საშუალება მოგვეცემა, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა დავაშენოთ და ამა თუ იმ ნიშნით შევზღუდოთ ან არ შევზღუდოთ ბიზნესი, მოქალაქეებს შევუზღუდოთ თუ არა წვდომა. უკვე საზოგადოების გადასაწყვეტი იქნება რა ფორმით მოვისურვებთ ამა თუ იმ კომპონენტით სათამაშო ბიზნესის ან წახალისებას, ან შეზღუდვას, გაუქმებას, ან პრობლემის მოგვარებას“, - განაცხადა მომხსენებელმა.
კითხვა-პასუხის ამოწურვის შემდეგ კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.