ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ - ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იქნა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და დავით თვალაბეიშვილი.
შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად და ასევე, ერთ-ერთ მთავარ ინვესტორ ქვეყნად, საიდანაც ინვესტიციები 2020 წლის I კვარტალის მონაცემით 34%-ით გაიზარდა და 17%-იანი წილით მეორე ადგილი დაიკავა უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის. მისი თქმით, კოვიდ-19-ის პანდემიის მიუხედავად სწორედ აშშ - დან გაიზარდა ინვესტიციების მოცულობა.
ასევე ყურადღება გამახვილდა ამერიკის მიერ მრავალი წლის განმავლობაში საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე და სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ პროექტებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელმაც ხარისხობრივად ახალი, სტრატეგიული მოკავშირეობის დონეზე აიყვანა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები. ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დაგეგმილი იყო 2020 წლის 18 მაისს, მაგრამ COVID 19 პანდემიის გამო, მოხდა მისი გადადება. ასევე, იგივე მიზეზით გადადებულ იქნა 2020 წლის ივნისში დაგეგმილი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლობის (USTR) მისიის ვიზიტი საქართველოში. ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული შეხვედრების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მოხერხდება მათი უახლოეს მომავალში ორგანიზება.
ასევე განხილული იქნა ე.წ. “მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგის” (HLTID) შეხვედრის USTR-ის ხელმძღვანელის დონეზე ჩატარება უახლოეს მომავალში. აღინიშნა, რომ აშშ-ს კომერციის დეპარტამენტის მხარდაჭერით გათვალისწინებული იყო 2020 წლის აპრილში საქართველოში მორიგი მიზნობრივი სავაჭრო მისიის ორგანიზება. ნათია თურნავამ სურვილი გამოთქვა, რომ წელსვე გაიმართოს მისიის ვიზიტი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ამერიკული კომპანიების ჩამოსვლას და დაინტერესებას ჩვენი სტრატეგიული სექტორებით.
აღინიშნა საქართველოს მზადყოფნაც აქტიურად ჩაერთოს აშშ-ს პრეზიდენტის მიერ მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაანონსებულ ინიციატივაში, ე.წ. “Economic Prosperity Network“-ში, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, რაც მოიცავს გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღებას ციფრული ბიზნესის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ვაჭრობის, განათლების თუ კვლევის მიმართულებით. აღნიშნული ქსელის შექმნა მოიცავს აშშ-ს მიერ ე.წ. „სანდო პარტნიორების ალიანსის“ შექმნას, სადაც ჩართულები იქნებიან სხვადასხვა სახელმწიფოების კერძო კომპანიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
მინისტრმა აშშ - ის ელჩს ასევე მიაწოდა ინფორმაცია სამუშაო პირობების და უფლებების მიმართულებით მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც შრომის ინსპექციის შესახებ მომზადებული კანონპროექტსაც მოიცავს და საქართველოში დამოუკიდებელი სსიპ შრომის ინსპექტირების სამსახურის შექმნას ითვალისწინებს. აღინიშნა, რომ სააგენტოს მანდატი ყველა სამუშაო პირობის და უფლების დაცვა და ზედამხედველობა იქნება.