logo_geo
eng_logo
სერგო ვარდოსანიძე: რა მოხდა 1918 წლის 27 ივნისს, გამთენიისას, მარტყოფის მონასტერში?
- +

23 ივნისი. 2020. 15:24

 

 

1918 წლის 26 ივნისს, უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II, არქიმანდრიტ ტარასი კანდელაკთან და ვასილ კბილაშვილთან ერთად დილის 5 საათზე ეტლით გაემგზავრა მარტყოფის მონასტერში. პატრიარქს თან ახლდა ჩიტო (ქრისტეფორე) კაპანაძე, მაგრამ გზაში გაირკვა, რომ პატრიარქს  წიგნები დარჩა, რომლებიც სამუშაოდ სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ, ჩიტო კაპანაძე  წიგნების წამოსაღებად დარჩა.

 

პატრიარქი კირიონი მარტყოფის მონასტერში 11 საათზე მივიდა, ლოცვის შემდეგ მუშაობას შეუდგა. გვიან ღამით, 1 საათზე დაიძინა. წინა ოთახში ეძინა არქიმანდრიტ ტარასი კანდელაკს. პატრიარქი დილის 5 საათზე დგებოდა. გახდა 5, 6, 7 საათი, პატრიარქის ოთახის კარი არ იღებოდა.… ბოლოს გადაწყვიტეს და შეაღეს კარი.

 

კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II სისხლში ცურავდა, გარდაცვლილის გვერდით ეგდო მისივე დაკეტილი ბრაუნინგი. არქიმანდრიტი ტარასი კანდელაკი სასწრაფოდ გამოეშურა თბილისში, 11 საათზე გაიმართა საკათოლიკოსო საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელმაც „მოისმინა ტარასი კანდელაკის ინფორმაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II-ის გარდაცვალების შესახებ და განაჩინა: ეს სამწუხარო ამბავი ეცნობოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს სათანადო განკარგულებისათვის და აგრეთვე ყოვლადსამღვდელო მღვდელმთავრებს. ეთხოვოს თბილელ მიტროპოლიტ ლეონიდეს, მოახდინოს ჯეროვანი განკარგულება მისი უწმიდესობის გვამის დასაკრძალავად. ოქმს ხელს აწერენ: მიტროპოლიტი ლეონიდე, ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე), დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე, რაფიელ ივანიცკი, დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე, პეტრე ბარათაშვილი“.

 

იმავე დღეს, თბილელმა მიტროპოლიტმა ლეონიდემ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ნოე ჟორდანიას ასეთი შინაარსის დეპეშა გაუგზავნა:

 

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოზო საბჭოს სახელით პატივისცემით გაცნობებთ, რომ ამა თვის 27-ს (ივნისი), დილის 7 საათზე, მარტყოფის წმიდა ანტონის მონასტერში უეცრად გარდაიცვალა კათოლიკოზ-პატრიარქი კირიონ II“.

 

საქართველოს საკათალიკოსო საბჭომ შექმნა უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის დამკრძალავი კომისია ეპისკოპოს დავითის (კაჭახიძე) თავმჯდომარეობით. მისი მოადგილე იყო გიორგი ჟორდანია, წევრებად - დეკანოზები ანტონ თოთიბაძე და ნიკიტა თალაკვაძე.

 

დამკრძალავ კომისიაში დაიწყო მსჯელობა, სად დაეკრძალათ უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II. იყო საუბარი იმის შესახებაც, რომ პატრიარქმა თავი მოიკლა და იქნებ სჯობდეს, რომ უხმაუროდ დაიკრძალოს მარტყოფის მონასტერშიო, მაგრამ ახლა კი აღარ დათმო საზოგადოებამ, გამოფხიზლდა მისი ნაწილი და კატეგორიულად მოითხოვა კირიონ II-ის ნეშტის თბილისში გადმოსვენება. გადაწყდა, პანაშვიდები გამართულიყო ანჩისხატის ეკლესიაში, ხოლო 7 ივლისს განსვენებული დაიკრძალებოდა სიონის საპატრიარქო ტაძარში.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის მუხანათურმა მკვლელობამ ფრიად დაამწუხრა საქართველო.

 

გაზეთი „საქართველო“ 1918 წლის 30 ივნისს მწუხარებით იტყობინებოდა: „სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი კირიონ II, 26 ივნისს დილით გაემგზავრა მარტყოფში.… ივნისის 27-ს კი იგი იპოვეს მიცვალებული მარტყოფის მონასტრის საპატრიარქო ბინაზე, მის საწოლ ოთახში“.

 

„ტანჯული ქვეყნის კეთილდღეობისათვის მოწამეობრივად აღსრულებული სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქის“ ჭირისუფლად იქცა გაზეთი „საქართველო“, რომელიც წერდა: „ცეცხლისა და წამების ალში გაწმინდა კათალიკოზმა კირიონმა თავისი სული საქართველოსათვის ტანჯვით და თუ ვინმეს ჰქონდა უფლება, ყველაზე ადრე იგი უნდა ზიარებოდა საქართველოს ბედნიერებას... მარტყოფის საიდუმლო გამოუცნობელია. რა მოხდა წმიდა ანტონის მონასტერში, დანამდვილებით არავინ იცის. საუკუნეებში წარხდომილმა უნეტარესმა კათალიკოზმა საფლავში ჩაიტანა მარტყოფის ტრაგედიის ახსნა, მის სასიკვდილო იარაზე მიკრული ხელი კი ჰფარავს უღრმეს მწუხარებასთან ერთად მივარდნილი მონასტრის საიდუმლოებასაც“.

 

„ჩაქრა ლამპარი, რომლის მსგავსი იშვიათად აინთება საუკუნიდან საუკუნემდე! ეს იყო კაცი არა მხოლოდ ბერი მღვდელმთავარი, არამედ, უპირველეს ყოვლისა, სამოქალაქო მოღვაწე, მოაზროვნე, მეისტორიე, დიდი მამულიშვილი“, - წერდა იოსებ იმედაშვილი.

 

„კირიონ კათოლიკოსის სიკვდილით საქართველოს ეკლესიამ, შეიძლება ითქვას, დაამთავრა თავისი ერთ-ნახევარ ათასწლოვანი ისტორია...“ - პროფესორი სარგის კაკაბაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner