19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით ისევ უცნობია. ყველა ელოდება გამოძიებას. ამ დრომდე სამართალდამცავები ჰკითხავენ მოწმეებს. ადვოკატების თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული ბრალდებული გამოძიებას არ ჰყავს და ამ დრომდე ისიც უცნობია, რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება.
გიორგის ცხედარი 22 ივნისს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან მის სახლში, გვიან ღამით გადაასვენეს. ექსპერტიზაში, ოჯახის თხოვნით, დამოუკიდებელი ექსპერტი კახა ერისთავი ჩაერთო. ის არ აკონკრეტებს, რა დაზიანებები ჰქონდა ცხედარს, აცხადებს, რომ მთავარ კითხვებს პასუხი ახლა ქიმიურმა და ჰისტოლოგიურმა კვლევამ უნდა გასცეს.
„მიმდინარეობს ქიმიური კვლევები, წყალში დაიხრჩო თუ არა, ამასთან დაკავშირებით და ასევე, ჰისტოლოგიური გამოკვლევებიც. აღნიშნულის პასუხები რომ იქნება, მერე ვისაუბროთ, რადგან შედეგები მეც მეცოდინება. პირველადი დათვალიერების შედეგებს ვერ გეტყვით, რადგან მე თვითონაც არ ვიცი“, - განაცხადა კახა ერისთავმა.
ყველაზე მთავარი გამოძიებისთვის ალბათ გიორგი შაქარაშვილის მეგობრის, გურამ (გუკა) ამირხანაშვილის ჩვენება იქნება, რომელიც ჟურნალისტებთან მომხდარის დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობს. სწორედ მან ნახა ბოლოს გიორგი. სოციალურ ქსელში ის წერს, რომ არცერთი ტელევიზიისთვის ინტერვიუ არ მიუცია, არადა, ტელეკომპანია „მთავარმა“ მასთან ჩაწერილი სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა და როგორც ექსკლუზიური ინტერვიუ, ისე მოასმენინა მაყურებელს. ამირხანაშვილი სოციალური ქსელში გამოეხმაურა ამ სიუჟეტს და თქვა, რომ უბრალოდ თავის ნაცნობს ესაუბრებოდა და ეს კი ინტერვიუდ გაასაღეს. იმ საუბარში ჩანს, რომ დაპირისპირება აგარაკზე დაიწყო, თუმცა, ამბობს, რომ გიორგი ამ კონფლიქტში არ მონაწილეობდა.
გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე გამოძიებას ენდობა და ელოდება ექსპერტიზის პასუხებს.
- ბოლო წუთამდე მქონდა იმის იმედი, რომ გიორგის ცოცხალს ვიპოვიდით, რადგან 3 დღე და ღამე მშიერ-მწყურვალი მაშველები ეძებდნენ გიორგის წყალში და ვერ პოულობდნენ, ამიტომ ვამბობდი, იმედი მაქვს, ცოცხალია-მეთქი. მდინარის თემა თითქოს ნელ-ნელა ირიცხებოდა, რადგან გიორგი არ ჩანდა, მაგრამ მწარე რეალობის წინაშე დავდექით. ჩვენი იმედი არ გამართლდა. აღმოჩნდა, ბავშვი მდინარემ წაიღო, თურმე სილაში იყო ჩაფლული და იმიტომ ვერ პოულობდნენ. ყველაფერს პასუხი უნდა გასცეს ექსპერტიზამ, უნდა გაიმიჯნოს, დაზიანებები როდინდელია - გარდაცვალებამდელი თუ გარდაცვალების შემდგომი... მაშველებმა, პოლიციელებმა ყველაფერი გააკეთეს. ექსპერტიზა რამდენიმე საათი გაგრძელდა. ვიცით, რომ გიორგი მთვრალი არ იყო, მისი მეგობარი გურამი 3-4-ჯერ დაიკითხა უკვე.
გიორგი საოცრად კარგი ბიჭი იყო, ზრდილობიანი, მოწესრიგებული, უკონფლიქტო. სერიოზული სპორტსმენი, კარგად თამაშობდა, პერსპექტიული. უცხოეთიდან მოწვევები ჰქონდა და ფიქრობდა კიდეც წასვლაზე. როგორც ვიცით, წვეულებაზე კონფლიქტი თუ რაღაც საქმის გარჩევა მოხდა, მაგრამ ყველა აღნიშნავს, რომ გიორგი კონფლიქტში არ მონაწილეობდა.
- მისი მეგობარი ამბობს, რომ გაიქცნენ, რადგან მანქანით აედევნენ, ხომ არ ფიქრობთ, რომ მდინარეში ფეხი დაუცურდა?
- ჩემი თვალით ვნახე ის ადგილი და ამას გამოვრიცხავ.
- ვიზუალურად ცხედარს დაზიანებები აქვს?
- დაზიანებები აქვს, ბუნებრივია, სამი დღე მდინარეში იყო ბავშვი და ექნება... მაგრამ ყველაზე მთავარია, გაირკვეს, რით მიადგა ეს დაზიანებები, ეს არის სიკვდილამდე მიყენებული თუ შემდგომ, წყლის დინებით გამოწვეული.
- ცეცხლნასროლი ჭრილობა ხომ არ აღენიშნება?
- ვიზუალური დათვალიერებით, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა არ ჩანს, ბლაგვ საგანს არ გამოვრიცხავთ...