logo_geo
eng_logo
გურამ ნიკოლაშვილი: „ნაცმოძრაობის“ მცდელობა, ისე ჩაეგდოთ შეთანხმება, რომ მმართველი გუნდისთვის დაებრალებინათ, არ გამოვიდა. გიორგი რურუას თემის გააქტიურებამ ეს შედეგი ვერ მოიტანა
- +

23 ივნისი. 2020. 18:47

 

 

„დასრულდა სპეკულაცია გიორგი რურუას შესახებ, რომლის გათავისუფლებასაც „ნაცმოძრაობა“ კენჭისყრაში მონაწილეობის სანაცვლოდ ითხოვდა“, - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“.

 

როგორც ნიკოლაშვილმა აღნიშნა, „ნაცმოძრაობის“ მცდელობა, ისე ჩაეგდოთ შეთანხმება, რომ ბრალი მმართველი გუნდისთვის დაეკისრებინათ, არ გამოვიდა. გიორგი რურუას თემის გააქტიურებამ ეს შედეგი ვერ მოიტანა.

 

მისივე თქმით, ოპოზიცია საბოლოოდ გაფორმდა რვა მარტის შეთანხმების დამრღვევად და დაკარგა სპეკულაციური უფლება, ამ კუთხით თავისი ოპონენტები დაადანაშაულოს.

 

„დღეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანო კიდევ ერთხელ გაიყო ორ არაპროპორციულ ძალად, რადიკალურ უმცირესობად და სრულ უმრავლესობად, წარსულად და მომავლად. საარჩევნო სისტემის ცვლილებას მეორე მოსმენაზე მხარი არ დაუჭირა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა პირმშომ „ევროპულმა საქართველომ“. აბსურდული სპეკულაცია, რომელიც პირველი მოსმენისას ორი დღის წინანდელ კენჭისყრას მოჰყვა, თითქოს „ქართულ ოცნებას“ სინამდვილეში სურდა ცვლილების ჩაგდება და ბოკერიას პარტიამ შეუშალა ხელი ამ მზაკვრულ განზრახვას, დღეს გაცამტვერდა.

 

„ქართულმა ოცნებამ“ შეძლო 115-დეპუტატიანი უმრავლესობის მობილიზება, რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილების ლოგიკური დასასრულისკენ მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს. ასევე, დასრულდა სპეკულაცია გიორგი რურუას შესახებ, რომლის გათავისუფლებასაც ითხოვდა „ნაცმოძრაობა“ კენჭისყრაში მონაწილეობის სანაცვლოდ. ულტიმატუმი მმართველი გუნდისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და მათ დამოუკიდებლად შეძლეს მეორე მოსმენისთვის საჭირო ხმების მოგროვება.

 

რა დავინახეთ დღევანდელი კენჭისყრით? რომ გასული შემოდგომისგან განსხვავებით, მმართველ პარტიას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ცვლილებების კონსტიტუციაში ასახვა; რომ სპეკულაცია „ქართული ოცნების“ იძულების შესახებ დასრულებულია; რომ ოპოზიციამ ჩავარდნის სერიოზული რისკისთვის გაწირა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნილი საარჩევნო სისტემის ცვლილება; რომ ოპოზიცია საბოლოოდ გაფორმდა რვა მარტის შეთანხმების დამრღვევად და დაკარგა თუნდაც სპეკულაციური უფლება, ამ კუთხით თავისი ოპონენტები დაადანაშაულოს.

 

ფასილიტატორი ელჩების ბოლო განცხადებაში მკაფიოდ იყო ხაზგასმული, რომ ისინი მოუწოდებენ უკლებლივ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად შეასრულონ რვა მარტს ხელმოწერილი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. „ნაცმოძრაობის“ მცდელობა, ისე ჩაეგდოთ შეთანხმება, რომ ბრალი მმართველი გუნდისთვის დაეკისრებინათ, არ გამოვიდა. გიორგი რურუას თემის გააქტიურებამ ეს შედეგი ვერ მოიტანა. ისედაც, ვერასდროს ვერ აუხსნი დასავლელ პარტნიორს და ნებისმიერ ჭკუათმყოფელ ადამიანს, რატომ არ ასრულებ საკუთარ სიტყვას თუნდაც მეორე მხარის საპირისპირო განზრახვის მხილებით. პროცესი დასრულებულია და ოპოზიციის ქცევას მესამე მოსმენაზე უკვე არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მათ შანსი დაკარგეს. რაც მთავარია, დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ ცვლილება გავა, საარჩევნო სისტემის თემაზე წინააღმდეგობა დასრულდება, საარჩევნო ცვლილების ჩაგდებით თუ სხვა ძალადობრივი გეგმების განხორციელებით დესტაბილიზაცია არ გამოვა, პარტიებს კი მოუწევთ, მშვიდ ვითარებაში ესაუბრონ მოსახლეობას საკუთარი საარჩევნო პროგრამისა და დაპირებების შესახებ“, - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner