„სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“ „მთავარ არხს“ ჟურნალისტური სტანდარტებისა და პირადი ინფორმაციის გასაჯაროებაში ადანაშაულერბს. ამის შესახებ ორგანიზაცია განცხადებას აქვეყნებს.
„სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“ ეხმაურება „მთავარი არხის“ მიერ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის შესახებ მომზადებულ სიუჟეტს, რომელიც ერთი მხრივ, ნაწილობრივ იძლევა არასრულწლოვანთა იდენტიფიცირების საშუალებას და გამოიწვევს მათ სტიგმატიზაციას. მეორე მხრივ, მიზნად ისახავს დაზარალებულთა რეტრავმატიზაციას - განვლილი სტრესის ხელახალ განცდას და მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გამოწვევას.
ამგვარ ქმედებაზე პასუხის არ გაცემით იქმნება მანკიერი და დანაშაულებრივი პრაქტიკა მედიასაშუალებების მხრიდან „გაყიდვადი“ სიუჟეტების მომზადების და ტირაჟირების, რომელიც დიდ ზიანს აყენებს არასრულწლოვან დაზარალებულებს.
ჩვენი, სოციალური მუშაკების, ფუნქციაა დავეხმაროთ არასრულწლოვნებს მაშინ როცა მათ ვერ იცავს ოჯახი და ამ შემთხვევაში მათ ვერ იცავს სახელმწიფო და არ დავუშვათ მედიის მხრიდან ზემოთ აღწერილი პრაქტიკის დამკვიდრება.
ჩვენი პროფესიული კავშირი, გამოვთქვამთ მზაობას, ვითანამშრომლოთ მედიასაშუალებებთან, ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ჯგუფებთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად დავგეგმოთ რეაგირების ნაბიჯები.“- აღნიშნულია განცხადებაში.