logo_geo
eng_logo
კათალიკოს კირიონ ll- ის დაკრძალვა
- +

23 ივნისი. 2020. 23:19

 

 

1918 წლის 27 ივნისს მარტყოფის მონასტერში მოკლული კათალიკოზ კირიონ ll-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდები გაიმართა საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში. განსვენებული დაიკრძალა 7 ივლისს საღამოს 18 საათზე სიონის საკათედრო ტაძარში.

 

 დაკრძალვაზე სიტყვები წარმოთქვეს: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ მიტროპოლიტმა ლეონიდემ (ოქროპირიძე), ქუთათელმა მიტროპოლიტმა ანტონმა (გიორგაძე), ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ამბროსიმ (ხელაია), დეკანოზმა ნიკიტა თალაკვაძემ. დაკრძალვის დღეს დეკანოზმა ნიკიტა თალაკვაძემ ამ სიტყვებით გააცილა მისი უწმიდესობა:

 

მშვიდობით, თქვენო უწმიდესობავ!

 

ეს ერთი კვირაა შენი ანჩისხატი, მთელი მორწმუნე ერი თბილისის ქართველობასთან ერთად, გულდათუთქული დაგქვითინებდა ტყვიით განგმირულ თავის მამამთავარს. დღეს კი ჩვენი სამშობლოს ყოველი კუთხიდან მოზღვავებულა მთელი საქართველო – შენი სამწყსო, რათა მიგაცილოს საუკუნო განსასვენებელ სავანემდე. დაობლებული შენი სამწყსო, ისევ დაქვრივებული ივერიის ეკლესია დღეს საქვეყნოდ მოსთქვამს და ჰგოდებს თავის ვაებასა, თავის უბედურებასა, თავის ეგზომ დაცოდვილებას, სამშობლო ქვეყნის გარეშეთაგან გაჭირვებას. ეს შენი საიდუმლოებით მოცული კუბოც მძიმე ლოდივით ზედ დაგვერთო. ასეთ განსაცდელს ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს ჩვენში.

 

არ ვიცი შენი ასეთი მოულოდნელი და უეცარი სიკვდილი ჩვენი გაუგებრობის თუ უმადურობის ნაყოფია. ზოგჯერ მტერი ვერ უზამს ადამიანს იმას, რასაც თვით ადამიანი თავის თავსო, – სწორედ ჩვენზეა ეს ნათქვამი. სხვებმა, გარეშეებმა, ჩვენმა მტრებმა და ორგულებმა შეიგნეს შენი დიდი პიროვნების ღირსება, ჩვენ კი ვერა! სხვებმა, უცხოელებმა, დააფასეს შენი გონებრივი და ზნეობრივი ღვაწლი სამშობლოსათვის, ჩვენ კი ვერა.… ვერ გამიგია, რას ვთხოულობდით კიდევ შენგან?! სხვა ქვეყანაში ასეთ ნაამაგდარ, დამაშვრალ, მხცოვან მოღვაწეს დაასვენებენ ხოლმე, სიბერის ჟამს დაუტკბობენ, განვლილ ტანჯვა-წამებას დაუამებენ და თუ კიდევ სამოღვაწეოდ მოიწვევენ, მაშინ თავს ევლებიან მას, ტვირთს უმსუბუქებენ, რათა მისს სიბრძნე-გამოცდილებით ისევ ასარგებლონ ქვეყანა. ჩვენ ასე ვერ მოგექეცით. ჩვენ მხოლოდ უუფლებო კათალიკოზ-პატრიარქად აგირჩიეთ! თითქოს ჩვენი ეკლესიის ხომალდის საჭეთმპყრობელი გიწოდეთ, ნამდვილად კი ეს საჭე ხელიდან გამოგტაცეთ!

 

ქედმაღლობა, გამძვინვარებული შუღლი, საარაკო თავხედობა და გულფიცხობა ვაწარმოეთ თავის მამამთავრის გარშემო, უკანასკნელი დღენი სიცოცხლისა ჩავუმწარეთ მას და ახალ საქართველოში ეკლესიასაც ძირი ამოვუთხარეთ, არსებობის ნიადაგი გამოვაცალეთ.

 

განა მხოლოდ კირიონ კათოლიკოზს მოვექეცით ასე? უფრო მეტის სისასტიკით გავისტუმრეთ საიქიოს დიდი ილია! წიწამურისა და მარტყოფის ტრაგედია საქართველოს დაუძინებელი მტრების მიერ ჩვენში დათესილმა, ერთმანეთის ჯგუფურმა გადაკიდება-კინკლაობამ შეამზადა. მტრებმა დაგვქსაქსეს, ერთმანეთის მტრებად გადაგვაქციეს, საკუთარ ოჯახში შინაური მტრები და ჯაშუშები გაგვიჩინეს და ეს თავზარდამცემი უბედურება თვით ქართველების ხელით გააკეთეს. რაღა გვეთქმის ამ შავბნელ ბოროტებაზე? – შური, ერთმანეთის მძულვარება და გაუტანლობა დაესადგურა ჩვენს შორის და ეს გვათხრევინებს ჩვენს სამარეს ჩვენივე ხელით… როდესაც ილიას და კირიონს ყიჟინას სცემდნენ უგუნურნი, ჩვენში არ აღმოჩნდა ვინმე, რომ დამაშვრალთათვის ნუგეში ეცათ, მათთვის მოეგერიებინათ უპასუხისმგებლო კალმოსანნი. პირიქით, უფრო ასისიანებდნენ მათ…

 

ილიასა და კირიონს მამულიშვილობა, უანგარობა და სამშობლოსათვის თავგანწირვა როდი ესწავლებოდათ, საყვარელნო!.. მაგრამ დღეს რაღა გვეთქმის,… დღეს ისევ საქვეყნო სირცხვილში ჩავცვივდით. ქართველნო, ეტყობა ისტორიის გაკვეთილები ფუჭია ჩვენთვის, ჯერჯერობით მაინც, მაგრამ ღრმად გვწამს საქართველოს ჭირისუფლის,ნიკოლოზ ბარათაშვილის ანდერძი:

"ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის,

ეს განწირული სულისკვეთება,

და გზა უვალი, შენგან თელილი,

მერანო, ჩემო, მაინც დარჩება."

დიახ, "გზა უვალი", კირიონისაგან "თელილი" უსათუოდ დარჩება.

ამ გზაზე უკვე დაგვაყენა განსვენებულმა. პირველმა მან შეაშუქა ჩვენს საზოგადოებაში ჩვენი ეკლესიის განთავისუფლების აზრი. შეაშუქა არა 1905 და 1917 წლებში, როდესაც ქვანიც კი ღაღადებდნენ, არამედ უფრო ადრე, როდესაც სუსხიანი ცარიზმისაგან ყოველი აზრი და იდეა თავისუფლებაზე ჩვენში გაყინულ-გათოშილი იყო; კირიონი კი მაინც თესდა ჩვენში თესლსა კეთილსა. ის შეესწრო კიდეც ამ თესლისაგან ნაყოფის გამოღებასა, მაგრამ თვით კი ვერ იგემა თავისი ნამუშაკარი. ასეთი ყოფილა ხვედრი ქართველი საზოგადო მოღვაწეებისა და ვერც კირიონი ასცდა თავის ხვედრს…

 

არ შეიძლება არ გამცნოთ საყვარელნო კირიონისაგან ერთ საეკლესიო წრეში უკანასკნელი წარმოთქმული აზრი ჩვენს ძალთა ურთიერთგანწყობილებაზე: "ოცი წლის განმავლობაში დაშორებული ვიყავი სამშობლოს, – ბრძანა განსვენებულმა, – შორიდგან თვალყურს ვადევნებდი, ვფიქრობდი, ამ ხნის განმავლობაში თქვენ საკმარისად შეიგენით საქვეყნო მოვალეობა, მაგრამ როგორც ეხლა ვრწმუნდები, თქვენ უფრო დაქვეითებულხართ და დაქსაქსულხართ. თუ ხელახლა დაიბადებით, თორემ სხვაფრივ თქვენი გამობრუნება შეუძლებელია". ასე ნაღვლიანად დაასრულა მან თავისი მწყემსმთავრული მხილება.

 

იმედი უნდა ვიქონიოთ,რომ ჩვენ "ხელახლა დავიბადებით," როგორც განსვენებულმა გვამცნო, ახალ საქართველოში, მხოლოდ თავისუფალ საქართველოში აღორძინდება, ამაღლდება, გაფაქიზდება ძალთა განწყობილება, მხოლოდ განახლებულ მოქალაქეობაში შევძლებთ უკუვაგდოთ აწ დამხობილ მონობისაგან ნაანდერძევი გახრწნილი ზნე-ჩვეულებანი და შეერთებულ ძალით სამშობლოს ვემსახუროთ. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ აწ თავისუფალ საქართველოში თავისუფალი ეკლესია შესძლებს აღუზარდოს სამშობლოს ღირსეული მოქალაქენი მტკიცე ქრისტიანულ ზნეობის ნიადაგზე. უნდა შევიგნოთ საყვარელნო, რომ მხოლოდ წმინდა სახარების მცნებებზე აღზრდილი ერია უკვდავი და უძლეველი.

 

ამ რწმენით მიგაცილებთ ტანჯულო მამამთავარო, საფლავის პირზე. აქ, ჭაღარა სიონის ტაძარში მივაბარებთ შენს ნეშტს მშობელ მიწას. აქ დაისვენე და განისვენე დამაშვრალო! აქ მაინც აღარ იქნები "განმარტოებული", აქ მუდამ სინანულის ცრემლებს დავაფრქვევთ შენს წმინდა საფლავს. შენც, უწმინდესო მეუფეო, აქედან თვალყური გვადევნე, გაგვამხნევე, არ დაგვივიწყო. შენებურად, დიდსულოვნად შეავედრე ჩვენი ეგზომი დაცოდვილება სიონის ღვთისმშობელს, წმინდა ნინოსა და ჩვენს ნათლით მოსილ წინაპართ…

შეგცოდეთ – შეგვინდევ და გვაპატიე, ჩვენო დაუვიწყარო მამამთავარო, ღმერთი იყოს შენი მოწყალე, ამინ."

კათალიკოზ-პატრიარქ კირიონ II-ის მუხანათური მკვლელობის შემდეგ მოკლეს მირიან ბერი, მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე, ქუთათელი ეპისკოპოსი ანტონ გიორგაძე. რა ხდებოდა საქართველოს ეკლესიაში? ნუთუ მართალი გამოდგა შავრაზმელ ვოსტორგოვის სიტყვები? "ვინ მოჰკლა ბრწყინვალე მწყემსმთავარი და მეცნიერი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II? ქართველი საზოგადოების ერთმა ნაწილმა გული იმით დაიმშვიდა,რომ მკვლელის ძებნა ჩრდილოეთში, რუსეთში დაიწყო. ეს ხომ თავის მართლების უმწეო ცდა იყო. ხმამაღლა უნდა ვთქვათ სიმართლე, კათალიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის მკვლელები ქართველებშია საძებნი. დიახ, კირიონი ქართველთა ხელითაა მკვდარი. მარტყოფის ტრაგედიაში ზნეობრივი ბრალი მიუძღვით ყველა იმათ, ვინც კირიონ II ეროვნული მიმართულების გამო შეიძულეს და მის დევნა-შევიწროებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს. კონკრეტული დამნაშავენი კი,… სამწუხაროდ, დაუსჯელნი აღმოჩნდნენ."

 

 

უწმიდესსა და უნეტარეს კირიონ II-ს გამოსათხოვარი სიტყვით მიმართა პოლონელი ხალხის წარმომადგენელმა ვალკომირსკიმ.

"ქართველო ხალხო! – სულ ნახევარი წელიწადია, რაც, ასი წლის ობლობის შემდეგ, დიდი ზეიმით დააგვირგვინე შენი სულიერი მამა და ეხლა, ასე მოულოდნელად, მიწას აბარებ მის ნეშტს! სხვა რომელ ხალხს შეუძლია უფრო მწვავედ იგრძნოს შენი დანაკლისი, ვიდრე იმას, რომლის ისტორია ასე ჰგავს შენსას; ვისი გამოჩენილი პოლიტიკური და სასულიერო მოღვაწენი განიცდიდნენ იმასვე, რასაც შენი წინამძღოლები. პოლონელებსა და ქართველებს ყოველთვის ესმოდათ ერთმანეთის გულის პასუხი, ყოველთვის უწვდიდნენ ერთმანეთს ხელს ჭირსა და ლხინში, რის მოწმენი არა ერთხელ ვყოფილვართ ჩვენ აქ, თბილისშიაც, საქართველოს დედაქალაქში.

კავკასიის პოლონელთა საბჭომ დაგვავალა ჩემს ამხანაგსა და მე დავსწრებოდით ქართველთა კათალიკოსის დაკრძალვას და აქაური პოლონელების ახალშენის სახელით გამოგვეცხადებინა გულწრფელი თანაგრძნობა ქართველი ერისათვის; გადაგვეცა მისთვის, რომ პოლონელები სავსებით იზიარებენ ქართველთა მწუხარებას და იმავე დროს მოუწოდებენ მათ სულიერი სიმტკიცისაკენ.

საუკუნო ნათელი დაედგას საქართველოს ამ ერთგულ შვილს, ქართული ეკლესიის თავადს. განისვენოს მისმა სულმა, სადაც მართალნი განისვენებენ…

ხოლო ჩვენ ნუ მივეცემით სასოწარკვეთილობას, იმიტომ, რომ ცოცხალია ქართველი ერი, რომელიც მრავლად წარმოშობს ისეთ ძეთ, რომელნიც უზრუნველყოფენ ქართველი ხალხის საუკეთესო ისტორიულ მომავალს..."

ტანჯული ქვეყნის კეთილდღეობისათვის მოწამეობრივად აღსრულებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჭირისუფლად იქცა გაზეთი "საქართველო", რომელიც წერდა: "ცეცხლისა და წამების ალში გაწმინდა კათოლიკოსმა კირიონმა თავისი სული საქართველოსათვის ტანჯვით და თუ ვინმეს ჰქონდა უფლება, ყველაზე ადრე იგი უნდა ზიარებოდა საქართველოს ბედნიერებას.… მარტყოფის საიდუმლო გამოუცნობელია. რა მოხდა წმიდა ანტონის მონასტერში, დანამდვილებით არავინ იცის. საუკუნეებში წარხდომილმა უნეტარესმა კათოლიკოსმა საფლავში ჩაიტანა მარტყოფის ტრაგედიის ახსნა, მის სასიკვდილო იარაზე მიკრული ხელი კი ჰფარავს უღრმეს მწუხარებასთან ერთად მივარდნილი მონასტრის საიდუმლოებასაც."

საერო გაზეთებში ასეთი შინაარსის წერილები იბეჭდებოდა, ხოლო სასულიერო ჟურნალ "ახალ სიტყვაში" მხოლოდ ორი აბზაცი იტყობინებოდა კათოლიკოს-პატრიარქის უეცარ გარდაცვალებას. ახალგაზრდა ისტორიკოსი სარგის კაკაბაძე, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობის მუშაობაში, კარგად იცნობდა მის უწმიდესობას კირიონ II-ს, მის სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას და ასეთი ჩანაწერი გაუკეთებია თავის წიგნებში: "კირიონ კათოლიკოსის სიკვდილით საქართველოს ეკლესიამ შეიძლება ითქვას, დაამთავრა თავისი ერთ-ნახევარ ათასწლოვანი ისტორია..."

იოსებ იმედაშვილი გულისტკივილით აღნიშნავდა: უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ II-ის გარდაცვალებით "ჩაქრა ლამპარი, რომლის მსგავსი იშვიათად აინთება საუკუნიდან საუკუნემდე! ეს იყო კაცი არა მხოლოდ ბერი მღვდელმთავარი, არამედ, უპირველეს ყოვლისა, სამოქალაქო მოღვაწე, მოაზროვნე, მეისტორიე, დიდი მამულიშვილი."

მრავალრიცხოვანი სამგლოვიარო დეპეშებიდან, რომელნიც საქართველოს სხვადასხვა პროვინციებიდან მოდიოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის თბილელი მიტროპოლიტის ლეონიდეს სახელზე, მოვიტანთ რამდენიმეს – ჩოხატაურიდან თომა მეგრელიშვილი წერდა: "უწმიდესი კათოლიკოსი კირიონის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო ვიმედოვნებ, რომ თქვენი ენერგიული მოთხოვნით მთავრობა ნათელს მოჰფენს ამ საზარელ მოქმედებას, რომელიც მახვილს სცემს გულში ახალ საქართველოს." "ცხინვალის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მრევლი მწუხარებას გამოთქვამს დიდებული მოღვაწის, კათოლიკოს კირიონ II-ის გარდაცვალების გამო. საუკუნო განსვენება მას, ხოლო დამნაშავეთ რისხვა უფლის."

 

 

ავტორი: სერგო ვარდოსანიძე

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner