საზოგადოება ქვეყნის შიგნით და, რაც მთავარია, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყველაფერს იფიქრებდნენ გარდა იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არ შევიდოდა და ამ საარჩევნო სისტემას, რომელიც არის 8 მარტის შეთანხმების ნაწილი ხმას არ მისცემდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ანალიტიკოსმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
„პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ესაა ისტორიული შეთანხმება, რადგან 30 წლის განმავლობაში, მიდიოდა დავა იმაზე, თუ როგორი სისტემით უნდა ჩაგვეტარებინა არჩევნები. მუდმივად, ხელისუფლება და ოპოზიცია დავობდნენ იმაზე, თუ რა სისტემაზე უნდა შეთანხმებულიყვნენ და „ნაციონალურ მოძრაობას“, ახლა უკვე მესამედ, აქვს მცდელობა იმისა, რომ მნიშვნელოვანი, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემა, უბრალოდ, ჩავარდეს. როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ამ თემაზე საერთოდ არ ლაპარაკობდნენ. პირიქით - უკვე რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილება. ამაყობენ იმით, რომ 2017 წელს „ქართულმა ოცნებამ“ გადაიყვანა ქვეყანა სრულიად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, მაშინაც არ მისცეს ამას ხმა და ამბობდნენ, რომ კონსტიტუცია ერთპარტიულია. რა არის ამაში სატრაბახო, რომ ასეთ მნიშვნელოვან სისტემას მხარი მაშინაც არ დაუჭირეს? ახლა უკვე, ალბათ, ეს უღმერთოები, ლოცულობდნენ და ღმერთს ევედრებოდნენ, დღეს, მეორე მოსმენით, საარჩევნო სისტემა ჩავარდნილიყო. წარმოიდგინეთ, რამდენი იბრძოლეს... ნუ დავუკარგავთ მათ ამ ბრძოლას. მათ ყოველგვარი წესების გარეშე იბრძოლეს ქვეყნის შიგნით და მის გარეთ და საბოლოო ჯამში, აშშ-ის საელჩოში, ოთხი ფასილიტატორი ელჩის თანდასწრებით, დაიწერა ორი სხვადასხვა დოკუმენტი, რომელზეც არის მათი ხელმოწერა. მეორე დოკუმენტზე, მეორე ნაწილზე, ახლაც შეგვიძლია, ვიდავოთ: უნდა გამოვიდეს თუ არა ჟორიკა რურუა და პოლიტიკა უნდა ერეოდეს თუ არა მართლმსაჯულებაში, მაგრამ ეს ხომ ცალსახად, მხოლოდ ხელისუფლებას ეხებოდა?.. რომ ამ ხელისუფლებამ კი არა, არამედ, აღარასდროს, არც არც ერთმა ხელისუფლებამ მართლმსაჯულება არ გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებისთვის. ჩვენ უკვე ვნახეთ ევროკავშირის ელჩის განცხადება, აშშ-დან „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შემოთვლილი მოკითხვები, რომ შეასრულონ 8 მარტის შეთანხმება. რა უნდა შეასრულონ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ გარდა იმისა, რომ შებრძანდნენ პარლამენტში და მათთან შეთანხმებულ საარჩევნო სისტემას მისცენ ხმა? ძალიან ცუდია, რომ ეს ადამიანები ჩარჩნენ 2003 წელში, ახლა 2020 წელია“ - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.