„დღეს აღარ დგას საკითხი, არის თუ არა ბიზნესი თავისუფალი და დაცულია თუ არა საკუთრების უფლება, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია", - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, როცა კერძო მესაკუთრე დარწმუნებულია, რომ მისი ფუნდამენტური უფლებები დაცულია, მას შეუძლია, სახელმწიფოს სხვა ტექნიკურ თემაზე ედავოს.
„ფორუმზე გაჟღერდა, რომ საპოლიციო გამოსახლების მექანიზმი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, სწორი არ არის, რადგან საზოგადოება ჩრდილოეთ ევროპის განვითარებული სახელმწიფოებიდან პირდაპირ გადმოტანილი ნორმების მისაღებად, დღეს მზად არ არის. ძალიან ბევრი კითხვა დაისვა სასამართლოს პროცედურებთან დაკავშირებითაც. ბიზნესი ამბობს, რომ დრო მისთვის ძალიან ძვირად ფასობს და სასამართლო პროცედურები, როლებიც დიდხანს გრძელდება, როგორმე უნდა გადავლახოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს ის პოზიტიური ტენდენციები, რაც ეკონომიკასა და ბიზნესგარემოში აშკარად არსებობს.
„ჩვენ ყველამ უნდა ვეცადოთ, სიტუაციის ობიექტური შეფასებითა და სწორი პოზიციონირებით შევინარჩუნოთ ქვეყანაში არსებული ის პოზიტიური ტენდენციები, რაც ეკონომიკასა და ბიზნესგარემოში აშკარად არსებობს. რა თქმა უნდა, გამოწვევები იქნება, მაგრამ მთავარია, ჩვენ ამ გამოწვევებს კარგ ფორმაში ვხვდებით", - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.
როგორც მან აღნიშნა, საშუალო და მცირე ბიზნესის პრობლემა ძლიერი ეკონომიკების პირობებშიც დგას.
„სახელმწიფო საშუალო და მცირე ბიზნესზეა ფოკუსირებული. პროექტი „აწარმოე საქართველოში" და სოფლის მეურნეობის პროგრამები მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად და წასახალისებლად კეთდება. ეს არის ის მიმართულება, სადაც ხვალ და ზეგ ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას. მცირე და საშუალო ბიზნესმა უნდა შექმნას საშუალო კლასი და ქვეყანას სტაბილურობა შესძინოს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.