logo_geo
eng_logo
გიორგი გამსახურდია გიორგი რურუაზე: ვერც მოვიფიქრებდი, რომ კრიმინალური ქრონიკების გარდა სხვაგან კიდევ მოვისმენდი მაგ გვარს
- +

24 ივნისი. 2020. 12:27

 

 

„ვერც მოვიფიქრებდი, რომ კრიმინალური ქრონიკების გარდა სხვაგან კიდევ მოვისმენდი გიორგი (ჟორიკა) რურუას გვარს“, - პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი მამის მკვლელობის ბურუსით მოცულ საქმეში იმდროინდელი კრიმინალური დაჯგუფებების და მათი ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი (ჟორიკა) რურუას კვალს არ გამორიცხავს და ტელეკომპანია „POSTV“-სთან საუბრობს.

 

გამსახურდიას თქმით, ჟორიკა რურუასნაირი ბანდების ხელშეწყობით შეიქმნა ფონი, რის შედეგადაც ზვიად გამსახურდიას თავისივე ქვეყანაში მოუწია დევნილობა და შემდეგ, რუსული სპეცსამსახურების მიერ განეიტრალდა.

 

გიორგი გამსახურდიამ ვარაუდები პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით იმ წერილშიც გამოთქვა, რომელის დონალდ ტუსკს გაუგზავნა.

 

„ჟორიკა რურუასნაირი ბანდების ხელშეწყობით შეიქმნა ის ფონი, რის შედეგადაც ზვიად გამსახურდიას თავისივე ქვეყანაში მოუწია დევნილობა და შემდეგ, რუსული სპეცსამსახურების მიერ იქნა განეიტრალებული. ოპერატიულ უზრუნველყოფას რომ ეს დაჯგუფებები, „მხედრიონთან“ ასოცირებული დაჯგუფებები უწევდნენ რუსულ სპეცსამსახურებს ამ საქმეში, ეს ცასავით ნათელია და ამ ბანდებზე დაყრდნობით მოხდა ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაცია და ამათი ხელშეწყობით. ვერც მოვიფიქრებდი, რომ კრიმინალური ქრონიკების გარდა სხვაგან კიდევ მოვისმენდი მაგ გვარს. არავის არ აღმოაჩნდა იმისი ძალა, ნებისყოფა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაუსვას ამას აი სამართლებრივად და ყველანაირად წერტილი“,- ამბობს გიორგი გამსახურდია.

 

პირველი პრეზიდენტის შვილი პირველად „POSTV“-სთან ვერელი თორაძეების მკვლელობის ერთ-ერთი მიზეზის შესახებ ჰყვება და ამბობს, რომ თორაძეების მიმართ გამოჩენილი სისასტიკის მიზეზი, პირველი პრეზიდენტიც იყო.

 

„ერთ-ერთი მიზეზი მაგ ოჯახის განადგურების იყო, ამ ოჯახის თავკაცის, ამ ოჯახის მამის ზვიად გამსახურდიასთან ახლობლობა და, ასე ვთქვათ, მისი ზვიადისტობა. ესეც იყო ერთ-ერთი სარჩული, რის გამოც ეს ოჯახი განადგურდა“, - ამბობს გიორგი გამსახურდია.

 

პოლონეთში პოლიციის ატაშე გიორგი გამსახურდია არ გამორიცხავს, რომ რურუასთან დაკავშირებული კრიმინალური საქმეების შესახებ მტკიცებულებები პოლიციის ფაილებში დღეს უკვე აღარ მოიპოვებოდეს და ვარაუდობს, რომ წინა ხელისუფლების დროს ის განადგურდა.

 

გიორგი გამსახურდიას, სასტიკ მკვლელობებთან დაკავშირებული გიორგი (ჟორიკა) რურუას პოლიტიკურ ველზე გამოჩენამ გადააწყვეტინა, რომ ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებისთვის რურუასთან დაკავშირებული ინფორმაციები მიეწოდებინა და იგი რურუას მიმართ არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი წერტილის დასმას ითხოვს.

 

ზვიად გამსახურდიას ამ დრომდე გამოუძიებელი და მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მკვლელობის უკან კრიმინალური დაჯგუფებების და მათი ლიდერების მონაწილეობის შესახებ ვარაუდებს ღიად გამოთქვამს საქართველოს პირველი პარლამენტის წევრი ბიძინა გიორგობიანი.

 

პირველი პარლამენტის წევრს ოპოზიციის მიერ გიორგი (ჟორიკა) რურუას პოლიტიკურ პატიმრად წარმოჩენა ბევრ რამეზე მიანიშნებს და ამბობს, რომ ოპოზიციას ძალისმიერი მეთოდით ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად ისეთი მორალური გარემოს შექმნა სჭირდება, სადაც პოლიტპატიმრად შეიძლება იყოს ჟორიკა რურუა.

 

„ძალიან სავარაუდოა, რომ 1993 წლის დამლევს, როდესაც ზვიად გამსახურდიაზე ნადირობდნენ პირდაპირ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ამ ჯგუფებში, პროცესში ჩართული იყო ძალიან ბევრი ჯგუფი და მათ შორის, მე არ გამოვრიცხავ, დიდი ალბათობით, ყოფილიყო ეს დაჯგუფებაც, რომელიც მაშინ სამეგრელოში ახორციელებდა ფაქტიურად სადამსჯელო ოპერაციას და როგორც უკვე აღვნიშნე მე, ჟორიკა რურუაც იყო „მხედრიონის“ ერთ-ერთი ისეთი გამორჩეული თავისი სისასტიკით ადამიანებთან“, - აცხადებს ბიძინა გიორგობიანი.

 

სიუჟეტის დასკვნით ნაწილში ავტორი აღნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული, ოპოზიციის მიერ პოლიტიკურ პატიმრად აღიარებული გიორგი (ჟორიკა) რურუას გვარმა გახმაურებული საქმეების გარდა, სხვა დანაშაულებრივ ქმედებებშიც გაიჟღეროს და საუბრობს არსებულ ვარაუდებზე, რომლის მიხედვითაც, რურუას ხელი ამ დრომდე გაუხმაურებელ, რამდენიმე კრიმინალურ ისტორიაშიც ურევია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner