მოსავლის შეუფერხებლად აღებისთვის პროცესში აქტიურად არის ჩართული შპს „მექანიზატორის" სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თავთავიანი კულტურების მოსავლის აღებისთვის კახეთის რეგიონში 60, საქართველოს მასშტაბით კი, 80 ერთეული შპს „მექანიზატორის" კომბაინია მობილიზებული.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ წნორში ხორბლის აღების პროცესს დაესწრო და ფერმერებს შეხვდა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს თავთავიანი კულტურების კარგი მოსავალია. გასულ წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია თავთავიანი კულტურების ნათესი ფართობები.
საქართველოს მასშტაბით ხორბლის ნათესი ფართობები 80 000 ჰა-ზე მეტს, ხოლო ქერის 40 000 ჰა-ზე მეტს შეადგენს.
ხორბლის აღების პროცესს კახეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები დავით გალეგაშვილი და იური ნოზაძე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.