საინფორმაციო სააგენტო „Reuters“ ინფორმაციით, ევროპამ შესაძლოა, რუსეთსა და ამერიკას საზღვრები არ გაუხსნას.
ევროკავშირი საზღვრების გახსნას 1 ივლისიდან გეგმავს, თუმცა, როგორც გაერთიანებაში აცხადებენ, ეს თითოეულ ქვეყანაში COVID-19-ის სიტუაციის შეფასების შემდეგ მოხდება.
ევროკავშირის მოქმედი პრეზიდენტი ქვეყნის, ხორვატიის მიერ მომზადებულ დოკუმენტში რეკომენდირებულია საზღვრების მხოლოდ იმ ქვეყნებთან გახსნა, სადაც ინფიცირების შემთხვევები სტაბილურად იკლებს და სადაც ევროპის მსგავსი ან უკეთესი ეპიდსიტუაციაა. რეკომენდაციის მიხედვით, იმისათვის, რომ ევროკავშირმა ამა თუ იმ ქვეყანასთან მიმოსვლა აღადგინოს, საჭიროა, რომ ქვეყანაში ყოველ 100 000 მოსახლეზე 14-დღიან პერიოდში მხოლოდ 16-დან 20-მდე შემთხვევა ფიქსირდებოდეს.
სახელმწიფოები ასევე შეფასდებიან COVID-19-ზე ტესტირებების მასშტაბებით, მონაცემთა სანდოობითა და ევროკავშირთან მიმოსვლის საპასუხო პოლიტიკის მიხედვით.
ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ აშშ, მექსიკა, სამხრეთ ამერიკა, სამხრეთ აფრიკა, რუსეთი, ირანი და სხვა რამდენიმე ქვეყანა.
როგორც „Reuters“ ევროკავშირის წარმომადგენელმა განუმარტა, ეს კრიტერიუმები საბოლოო არ არის და შესაძლოა, კიდევ შეიცვალოს.