„გავიარეთ მრავალი საკითხი, რაზეც ლუგარის ცენტრი მუშაობს – გენომის ცენტრი, პოლიომიელიტის ლაბორატორია, ყვითელა-წითურასი, ჰეპატიტის რეფერალური ლაბორატორია და კიდევ ბევრი მიმართულება, რაზეც დაავადებათა კონტროლის ცენტრი მუშაობს.“- ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და საქართველოს პრემიერ- მინისტრს, გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა.
„გიორგი გახარიამ მოინახულა გადაუდებელი დახმარების დარბაზი, სადაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მონიტორინგი, როგორც მსოფლიოში, გლობალურად, ისე ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის სიტუაციის. პრემიერ-მინისტრი შეხვდა ჩვენს თანამშრომლებს, მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი შრომისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლებისთვის ეს კიდევ დამატებითი სტიმულია, როდესაც ქვეყნის პირველი პირი აფასებს მათ შრომასა და დამსახურებას. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მინდა, მადლობა გადავუხადო გიორგი გახარიას. მოგეხსენებათ, საქართველო დღეს აღიარებულია, როგორც ოაზისი, კუნძული ჩვენს რეგიონში კორონავირუსულ ინფექციასთან სამაგალითო ბრძოლის. ის შედეგები, რაც საქართველომ აჩვენა, დღეს გახლავთ სამაგალითო როგორც რეგიონისთვის, ისე მსოფლიოსთვის და ამაში ძალიან დიდი დამსახურება არის სწორედ მულტისექტორული პასუხის, რომელსაც ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საკოორდინაციო საბჭო, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ყველა აღიარებს, რომ საქართველოში გადადგმული ნაბიჯები იყო დროული, სწორი და სწორედ ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ნაკლები დაზიანებით მივდივართ ამ პანდემიის პირობებში და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ერთიან მუშაობაში ჩვენ ამ ინფექციას დავძლევთ, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.