„შოვი, უწერა, ლაშიჭალა, ცუღური, მოაში - რაჭის, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტურისტული განვითარებას ვიწყებთ", - ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში პაპუნა მარგველიძემ განაცხადა.
„რაჭაში ტურიზმის განვითარების პოტენციალი საკმაოდ დიდია. მისი ათვისებაა საჭირო, ხოლო იმისთვის, რომ ტურიზმი განვითარდეს, პირველ რიგში მოსაწესრიგებელია ტურისტულ ობიექტებამდე მისასვლელი ინფრასტრუქტურა.
რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმა არსებობს, სადაც ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებების განვითარება დეტალურად არის გაწერილი.
რაჭაში ბევრი ისტორიულ-კულტურული ძეგლია, სადაც მისასვლელი გზა არ იყო, ახლა დავიწყეთ კეთება. სოფლებში დენისა და წყლის მიყვანაა საჭირო, რის შემდეგ, სასტუმროების ქსელის გამართვა და რაჭაში, ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში არსებული პოტენციალის პოპულარიზაცია უნდა დავიწყოთ", - განაცხადა მარგველიძემ.
გუბერნატორის თქმით, რაჭაში, ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში, რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ასევეა ეკლესიები, თავდაცვითი ნაგებობები, ბუნების ძეგლები, რომელსაც უნიკალური ლანდშაფტი აქვს, სადაცა ტურისტს შესაძლებლობა, აქვს ბევრი რამე ნახოს.
„შაორის ტბაზე სასტუმროს მშენებლობა დაწყებულია. დიდია ინტერესი და სახელმწიფო ინტერესთა გამოხატვაზე გამოაცხადებს კონკურსს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ დაინტერესებული კომპანიები. მოხდება შერჩევა.
შოვის მიმართულებით 2017 წლის ზაფხულისთვის გზა გვექნება. ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაწყებულია. ახლაც არის რამდენიმე სანატორიუმი, მათ შორის თანამედროვე სტანდარტების, რომელსაც ყოველწიურად ბევრი დამსვენებელი ჰყავს. იქ არა მხოლოდ უნიკალური წყლები, არამედ ბალნეოლოგიური დანიშნულების ადგილებია. ფიჭვია გარშემო, რაც განსაკუთრებით მათთვის არის კარგი, ვისაც ბრონქების პრობლემა აქვს.
რაჭაში ასევე არის კურორტი უწერა, რომელიც უნიკალური მინერალური წყლებით არის ცნობილი. ლეჩხუმში - ლაშიჭალა, ცუღური; ლენტეხში - მოაში, სადაც გზისა და დენის პრობლემა იყო. გზის კეთება დავიწყეთ. ვფიქრობთ, წლის ბოლოს დენიც მივა", - განაცხადა მარგველიძემ.