„მე გაკვირვებული ვიყავი 2 ფაქტის გამო: ერთი, რომ ეს იყო ტყუილი, რომელსაც ბოლო პერიოდში ანალოგი არ ჰქონია და მეორე: ჩემთვისაც გაუგებარი დარჩა, როდესაც ასეთ ტყუილზე მიდიხარ, მიზანი რა იყო“- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ „მთავარი არხის“ სიუჟეტზე საუბრისას განაცხადა.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, ყველა ქვეყანა ცდილობს ჰყავდეს ავადმყოფებისა და გარდაცვლილების მცირე რიცხვი და ამ დროს ხელისუფლებას და ექიმებს ბრალს სდებენ, რომ ისინი ცდილობენ ხელოვნურად და დაუჯერებელი გზებით გაზარდონ კოვიდით გარდაცვალების შემთხვევები.
„მე არ მგონია ვინმე სადმე ამას ცდილობდეს მსოფლიოში და თან ასეთი გზით, რომ ჭირისუფალი მოისყიდო და მისცე 10 000 ლარი. თუ ვინმეს გაზრდა მართლა უნდა, ამის სხვა მეთოდებიც არსებობს, მაგრამ ვის სჭირდება გაზრდა? საქართველო ამაყობს და სავიზიტო ბარათია ქვეყნის, რომ ევროპაში ყველაზე ცოტა გარდაცვლილი ჰყავს. ამას გვილოცავს და აღიარებს მთელი მსოფლიო. იმდენად მცირეა ჩვენთან გარდაცლილთა რაოდენობა, რომ მართლა რომ მოინდომოს ვინმემ, ვუჩვენოთ გაზრდილი რიცხვი და მივაღწიოთ გარდაცვალების საშუალო ევროპულ დონეს, „მთავარი არხის“ ტარიფით დაახლოებით 30-40 მილიონი ლარი დასჭირდება. ახლა წარმოიდგინეთ ამ ტყუილის მასშტაბები“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
20 ივნისის „მთავარი არხის“ საინფორმაციო გადაცემა „მთავარში“ გავიდა სიუჟეტი, რომლის ავტორებიც ამტკიცებდნენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები და ექიმები COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილობის სტატისტიკის გაზრდის მიზნით (რაც მათ თითქოს არჩევნების გადასადებად სჭირდებათ), მიდიან სხვადასხვა დაავადებით ახლად გარდაცვლილთა ოჯახებში და სთავაზობენ მათ 10 ათასი ლარს, სანაცვლოდ ითხოვდნენ თანხმობას იმაზე, რომ მათი ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზად COVID-19 დასახელდეს.