“სახელმწიფოს დაფინანსებით, გურიის სოფელ სურებში 6 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელდა,” - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2019 წელს დაასრულა რაიონულ ცენტრთან დამაკავშირებელი ბუკისციხე-ზემო სურების 6.5 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია.
ადგილობრივი მნიშვნელობის გზის მონაკვეთი, რომელიც ბუკისციხისა და ზემო სურების სოფლებს ერთმანეთთანაც აკავშირებს, გასული საუკუნის 60-იანი წლების შემდეგ არ შეკეთებულა. გზას ასევე არ გააჩნდა სანიაღვრე არხი, რის გამოც მას ატმოსფერული ნალექის დროს წყალი აზიანებდა.
ახალი პროექტის ფარგლებში, გზის საფარის რეაბილიტაციასთან ერთად მოეწყო ხიდ-ბოგირები, მილ-ხიდები, სანიაღვრე არხები, წყალგამტარი მილები, აკვედუკები, ბაგირიანი პარაპეტები, ბეტონის თვალამრიდები და გაბიონები. მოპირკეთდა ხიდები და განთავსდა საგზაო ნიშნები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2.5 მლნ ლარით დაფინანსდა.
ამასთან, 2018 წელს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა ბუკისციხე-ზემო სურების იგივე გზის 17 კმ-იანი მონაკვეთის გრუნტის გასწორებისა და მოხრეშვის 2.6 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები.
მიმდინარე წელს, ასევე სურების ადმინისტრაციულ ერთეულში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა სანის ღელეზე მილხიდებისა და შიდა გზებზე მილების მოწყობის სამუშაოები, რისთვისაც 59 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.
საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, სოფელ ზემო სურებში, 2019 წელს მოეწყო ახალი ამბულატორია, ხოლო სურების ადმინისტრაციული ერთეულის დიდი ვანის თემში რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ ამბულატორიას. სამუშაოების ღირებულებამ 85 500 ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, სოფელ შუა სურებში, განათლების სამინისტროს მიერ, 2018 წელს აშენდა 20 მოზარდზე გათვლილი ახალი სკოლა, რომლის ღირებულება 700 000 ლარია.