გლდანის პატარა ტბის გარშემო რეკრეაციული ზონის მოწყობის პროექტირება მიმდინარეობს. პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია.
ამ კონკრეტული ადგილის განვითარებისთვის საჭირო კონცეფციის შექმნის პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და ადგილობრივი მცხოვრებლები არიან ჩართულები.
გლდანის პატარა ტბის მიმდებარედ ისეთი პარკი მოეწყობა, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის იქნება მიმზიდველი.
პროექტის თანახმად, პარკის დიდი ნაწილი შემოისაზღვრება მწვანე ცოცხალი ღობით, დაირგვება ხე-მცენარეები და დაიგება ბალახის საფარი. მოეწყობა ორი შესასვლელი, საჩრდილობლები, საბავშვო მოედანი, ცხოველებისთვის განკუთვნილი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეები, ველო და საფეხმავლო ბილიკები. ასევე, განთავსდება სკამები და ურნები. ტბაზე გაივლის საინტერესო დიზაინის პირსი, საიდანაც შესაძლებელი იქნება ფრინველებსა და გარემოზე დაკვირვება. ამასთანავე, პარკი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პარკში განთავსდება მცირე ზომის მედიათეკაც.