„თუკი შენიშნავდა, ვინმეს რამე არ ჰქონდა ან მისი ჩასაცმელი მოსწონდა, იმწამსვე გაიხდიდა და მისცემდა...“
„როცა პანაშვიდებისთვის გასადიდებელ სურათებს ვარჩევდით, მაშინღა აღმოვაჩინე, რომ ბოლო წლების ფოტოებზე საოცრად ნაღვლიანი თვალები ჰქონდა, ამოუხსნელი სევდა იდგა მის მზერაში...“
ბავშვობიდან ვოცნებობდი, ახლოს მენახა, დავლაპარაკებოდი ან თვითონ ეთქვა რამე. ჩემი სასკოლო რვეულები მისი სახელითა და გვარით იყო აჭრელებული. 18 წლისას მასთან ტელეგადაღებაზე წაყვანას დამპირდნენ. დილიდან საგანგებოდ გამოვეწყვე ახალ სამოსში და მოუთმენლად ველოდი ზარს, მაგრამ ამაოდ... ჩაწერა გადაიდო, მე კი იმ სამოსს „ყიფიანის ნარიადი“ დავარქვი და... კარადაში გამოვკეტე. მოგვიანებით მაინც შევხვდი, ერთადერთხელ და მაშინაც მასზე არ გვილაპარაკია. ახალბედა ჟურნალისტი ქართული ფეხბურთის მეფეზე მიხეილ მესხზე სასაუბროდ ვეწვიე. ამდენი წლის შემდეგაც ფოტოგრაფიული სიზუსტით მახსოვს ყველა დეტალი, მოძრაობა. კაბინეტში ჩვეულებრივ შემხვდა, თავაზიანად, ჩემს გულს კი ბაგაბუგი გაუდიოდა და, მგონი, ხმაც მიკანკალებდა. ინტერვიუ მალევე დამისრულა, სკამიდან არც წამომდგარა, კვლავ თავაზიანად დამემშვიდობა და მაგიდაზე გაბნეულ ფურცლებში ჩარგო თავი. წამოდგომისას შევბედე და... იცით, ამ დღეზე ვოცნებობდი-მეთქი. გაკვირვებით ამომხედა, მე კი თვალისდახამხამებში ყველაფერი ვუთხარი, რასაც მასზე ვფიქრობდი. უცებ სახე გაუბრწყინდა და როდესაც ავტოგრაფი ვთხოვე, წამში ამოიღო უჯრიდან თავისი სავიზიტო ბარათი, ულამაზესი კალიგრაფიით წამიწერა და მომაწოდა. მერე კარამდე გამომაცილა და გულთბილად გამომემშვიდობა. მას მერე აღარ შევხვედრილვართ, ის ავტოგრაფი კი მხრიდან ჩამოგლეჯილ ჩემს ჩანთას „გაჰყვა“, ცრემლებთან ერთად...
აი, ეს პატარა მოგონება მაკავშირებს ჩემს იმჟამინდელ კერპთან და უდიდეს ფეხბურთელთან დავით ყიფიანთან, რომელსაც 18 ივნისს 65 წელი შეუსრულდებოდა.
ლეგენდური თბილისის „დინამოს“ არქივს ბავშვობიდან ვქმნიდი, მერე კი, ჟურნალისტობის დროიდან, საკუთარი ინტერვიუებით შევავსე. დღეს სწორედ იმ არქივიდან შემოგთავაზებთ საინტერესო ამბებს, მოგონებებსა და აზრებს და ვეცდები, „ჩემეული“ დავით ყიფიანი დაგანახოთ. ვეცდები...
„დათო ყიფიანის წასვლით ეპოქა დამთავრდა ჩემთვის“, - მითხრა მისმა თანაკლასელმა, ცნობილმა კინორეჟისორმა ლევან ერისთავმა და მასზე საუბარი სევდანარევი ხალისით დაიწყო:
- როგორც ფეხბურთში გამოირჩეოდა დათო, სკოლაშიც ყველასგან ყველაფრით გამორჩეული იყო. ერთმანეთს სკოლამდეც ვიცნობდით, რადგან ჩვენი მამები მეგობრობდნენ, მაგრამ სკოლაში შეხვედრამ ჩაგვახუტა და მას შემდეგ ერთმანეთს არ მოვცილებივართ...
დათო ძალიან კარგად სწავლობდა, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან ცელქიც იყო. თითქოს ჩარჩოებში ვერ ეტეოდა, ინდივიდუალისტი იყო. მეცხრე კლასში შუშა ჩაამტვრია თუ შტეფსელი დააზიანა და ამის გამო გააგდეს ჩვენი სკოლიდან. არადა, ახლა რომ ვუფიქრდები, ისეთი ნიჭიერი იყო, ნებისმიერ დარგში შეძლებდა წარმატების მიღწევას. იმდენად კარგად სწავლობდა, ოქროს მედლის აღებაც შეეძლო, მაგრამ არ მოისურვა. ფეხბურთზე სიარული ადრე დაიწყო. ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდით, ხელფასს რომ იღებდა. იცით, როგორ ვამაყობდით მისი თამაშით?
უყისმათო კი იყო, ყველაფერი მაგას ემართებოდა. მაგალითად, ვიღაცას „კისტის“ თოფი გაუვარდა და მაინცდამაინც დათოს მოხვდა თვალში, გუგაში. დედამისი თვალის ექიმი იყო, სასწრაფოდ საავადმყოფოში გააქანა და ძლივს გადაურჩინეს თვალი, თორემ ფეხბურთი უკან დარჩებოდა... ფეხბურთი უზომოდ გვიყვარდა, ფეხბურთელები ლამის ღმერთებად მიგვაჩნდნენ და მათზე დაწერილი ლექსებიც ზეპირად ვიცოდით. დილიდან საღამომდე ჩვენც ფეხბურთს ვთამაშობდით და მე, რა თქმა უნდა, დათოს გუნდში ვიყავი, რადგან მისი გუნდი ყოველთვის იგებდა. სულ ვჩიოდი, პასს არ მაძლევს-მეთქი, მაგრამ ანკი რატომ უნდა მოეცა პასი? უჩემოდაც ყველაფერს ბრწყინვალედ აკეთებდა. ვიღაცებს ენაძლევებოდა, ხუთ ფორას მოგცემთ, ექვსამდე ვითამაშოთო, მარცხენა ფეხით შევაგდებ ბურთსო. რა თქმა უნდა, სანაძლეოს ყოველთვის იგებდა.
მერე, დიდ ფეხბურთში ძალიან გამოიცვალა: მოედანზე გაცემა უყვარდა, პასს არ დააყოვნებდა და ვინმეს მიაწვდიდა, არც არასდროს არავისი შეშურდებოდა.
ვასილი უტკინი, რუსი ჟურნალისტი და კომენტატორი: „ყიფინი შეიძლება, პიჯაკით გამოსულიყო მოედანზე და ეს ვერავის შეემჩნია. მისი რამდენიმე ნაბიჯი ბურთით მოდურს ხდიდა ყველაფერს, თუნდაც იმ ადრეულ სიმელოტეს. შონ კონერის იერსახე (ჯეიმს ბონდში): მაღალი, ტანადი, ჭკვიანი თვალებით... სიტყვებით ვერ გადმოსცემ. ის დაუმარცხებელია. ეს ყიფიანია და ცოტათი ბონდიც“.
ლევან ერისთავი: ბავშვობიდან როგორი ტიპი იყო, იცით? თუკი შენიშნავდა, ვინმეს რამე არ ჰქონდა ან მისი ჩასაცმელი მოსწონდა, იმწამსვე გაიხდიდა და მისცემდა: საათს, პერანგს, შარვალს, ფეხსაცმელს. კიდევ მახსენდება, რომ დათოს ულამაზესი კალიგრაფია ჰქონდა. ასე კარგად იმიტომ დამამახსოვრდა, რომ ერთმანეთს ხშირად ვწერდით წერილებს.
მერვე კლასში ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა და დათოს მამასთან, უფროს დავით ყიფიანთან ვმეგობრობდი. არა მარტო მე, დათოს მამა ყველა ჩვენგანის მეგობარი იყო, მასთან ერთად ვქეიფობდით კიდეც, ვმღეროდით, ვილხენდით, ოღონდ... დათოს გარეშე. მის მიმართ მამა განსაკუთრებულად მკაცრი იყო...
ძალიან უბედო კაცი იყო დათო. ბევრი დარტყმა მიიღო ცხოვრებაში - მამამისის სიკვდილიც კი თვითმფრინავში ყოფნისას გაიგო, გაზეთში წაიკითხა. იმდენი ცუდი რამ მოხდა მის ცხოვრებაში, ხასიათიც დაუმძიმა, თორემ ბავშვობაში რატომ იქნებოდა მძიმე? საამისო საბაბი არ ჰქონდა. ცოლიც ძალიან ადრე მოიყვანა, სკოლა ახალი დამთავრებული გვქონდა. ქეთინო - მისი თანაკლასელი 53-ე სკოლიდან, ჩვენ მოვატაცებინეთ. ძალიან ბედნიერები ვიყავით და გვეგონა, მუდამ ასე იქნებოდა...
ვაჟიშვილებთან, ლევანთან და ნიკასთან ერთად
ლევან ყიფიანი, დავით ყიფიანის უფროსი ვაჟი:
- მამა ოჯახში თითქოს სტუმარივით იყო, მე და ჩემი ძმა ნიკა კი - მუდამ მის მოლოდინში. შემოირბენდა და გაფართოებული თვალებით ვაკვირდებოდი მის ყველა მოძრაობას, სიტყვას. და მაინც - შინ ჩვეულებრივი მამა იყო, ჩვეულებრივი ვალდებულებებით, გაკვეთილების ჩაბარებას ვგულისხმობ. მაგრამ... ვერასდროს ვაბარებდი - მამასთან ვმუნჯდებოდი. არადა, გაკვეთილი ყოველთვის მომზადებული მქონდა. შიშის გამო-მეთქი, - ვერ ვიტყვი. ალბათ, მერიდებოდა. მამა ყველაფერში ერკვეოდა, ყველაფერზე ჰქონდა პასუხი.
დავით ყიფიანი და ალექსანდრე ჩივაძე
დავით ყიფიანი გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდას“ კორესპონდენტთან ინტერვიუში ჰყვება: „მიყვარს მუსიკა, ლიტერატურა. ძალიან კარგი ბიბლიოთეკა მაქვს. ბავშვობაში დედა მაძალებდა ინგლისურის შესწავლას. დღეს თავისუფლად ვლაპარაკობ შექსპირის ენაზე, ორიგინალში ვკითხულობ ინგლისელი მწერლების ნაწარმოებებს და ძალიან გვიან მივხვდი, რა მნიშვნელოვანია, როდესაც მშობლებს უჯერებ“.
ლევან ყიფიანი: პირველად მამა სიგარეტით რომ დავინახე, გავოგნდი, საშინელებად აღვიქვი - მივხვდი, რაღაც ახალი ეტაპი იწყებოდა მის ცხოვრებაში და მალე დაანება კიდეც თამაშს თავი. 11-12 წლისა ვიყავი, მაგრამ ვერაფერს ვეტყოდი. არადა, დაახლოებით იმ ასაკში მყოფ ჩემს უმცროს ვაჟთან - ზუკასთან ძალიან ვძმაკაცობდი. მამა და მე კი, მაგ ასაკში, ნამდვილად არ ვყოფილვართ ძმაკაცები. ჩვენ მოგვიანებით დავმეგობრდით, მას შემდეგ, რაც შვილი შემეძინა. საუბედუროდ, ჩვენმა სიახლოვემ დიდხანს არ გასტანა - მამა ძალიან მალე, 50 წლისა გარდაიცვალა. ბოლო ხანს ბევრს ნერვიულობდა, არადა, ხან გულმა შეაწუხა, ხან თავის ტრავმა მიიღო და ტრეპანაცია დასჭირდა და მეც ავფეთქდი: მწვრთნელობას ხომ არ უნდა გადაჰყვე-მეთქი! - შენ ვერ მიხვდები, რა გრძნობაა, ფეხბურთს რომ თავს ანებებ. მე სულ იქ, მოედანთან ახლოს მინდა ყოფნაო, - მიპასუხა... რომ დასცლოდა, მწვრთნელობაშიც დიდ წარმატებას მიაღწევდა. ხშირად ღალატობდა იღბალი. ალბათ, ასეთი ბედისწერა ჰქონდა...
ჩვენმა კოლეგამ და დავით ყიფიანის უახლოესმა მეგობარმა ბატონმა გია გორგოძემ შესანიშნავი წიგნი მიუძღვნა დავით ყიფიანს - „დღესასწაულის წადილი“. წიგნი, სადაც ნამდვილ დავით ყიფიანს გაიცნობთ, იმას, ჯერ ცაში რომ აიყვანეს და იმავე ადამიანებმა მალევე ტალახიც რომ ესროლეს. სწორედ ისე, როგორც ხდება ხოლმე აქ, ჩვენთან, საქართველოში.
დავით მაღრაძის ლექსიდან „დათო ყიფიანს“:
„...აქ ასპარეზად იჭვების, გაკიდულია მანდილი.
მთელი სიმკაცრით ისჯება დღესასწაულის წადილი...“
ამიტომაც ამბობს გია გორგოძე: „ბოლო დროს მაინც ძალიან გაუჭირდა, იობის მოთმინებით ვეღარ იტანდა მისი პიროვნების მიმართ სხვადასხვა ჭიაღუების და პირანიების შხამიან გამოხდომებს... როცა პანაშვიდებისთვის გასადიდებელ სურათებს ვარჩევდით, მაშინღა აღმოვაჩინე, რომ ბოლო წლების ფოტოებზე საოცრად ნაღვლიანი თვალები ჰქონდა, ამოუხსნელი სევდა იდგა მის მზერაში...“
2001 წლის 17 სექტემბერს ყიფიანი ქობულეთში იმყოფებოდა, როცა რუსეთიდან დაურეკეს და მოსკოვის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელობა შესთავაზეს. დათო თბილისისკენ გამოემგზავრა.
იმ საღამოს სოფელ წეროვანთან ავტოავარია მოხდა. თბილისისკენ მიმავალი დათოს „მერსედესი“ გზიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა. ყიფიანი დაიღუპა. ექიმების დასკვნით, ავარიამდე რამდენიმე წამით ადრე მას გულის შეტევა დაემართა.
გია გორგოძე: „იმ ავადმოსაგონარ 17 სექტემბერს დღევანდელმა უგმირო, ანთხეულმა საქართველომ ბოლომდე ვერ გაისიგრძეგანა მომხდარი უბედურება - დაჭიანებულ და დაბეჩავებულ ქვეყანას ჯილა მოუკვდა, კაცი სახელიანი და გულშიჩასაკრობი, ვინაც იმდენი დღესასწაული და გამარჯვების გემო გაგვასინჯა ქართველებს“...
ირმა ხარშილაძე