ჩვენ ვნახეთ სპეკულაციები, როდესაც „ევროპული საქართველოს“ ლიდერები გამოვიდნენ და ამბობდნენ, რომ ჩვენ გადავარჩინეთ საკონსტიტუციო ცვლილებები - ეს არის პიარული თავხედობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.
„არ მიყვარს ხოლმე ასეთი ტერმინების გამოყენება, მაგრამ მგონი სწორად დავარქვი, პიარული თავხედობა. წინა დღეს რომ მესიჯი დაწერე და იმავეს იმეორებ და მესიჯის შეცვლასაც კი ვერ ახერხებ ან არ ახერხებ და საზოგადოებაზე ისეთი დაბალი წარმოდგენა გაქვს, რომ შენ მესიჯს გაყიდი და დააჯერებ ვიღაცას, „რომ არ შესულიყავი ეს ცვლილებები ჩავარდებოდა“ ამას ჰქვია პიარული თავხედობა. მათ გარეშეც პირველ შემთხვევაში 116 ხმა იქნებოდა, მეორე შემთხვევაში 115 ხმა და მესამე მოსმენით დარწმუნებული ვარ რომ არანაირი პრობლემა არ გვექნება და საკონსტიტუციო ცვლილებებს მივიღებთ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
23 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მეორე მოსმენით უყარეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 115-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 119-მა დეპუტატმა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს და ამის მიზეზად გიორგი რურუას პატიმრობაში დარჩენა დაასახელეს.
ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.
რა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი აშშ-ის საელჩოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა, წაიკითხეთ ამ ბმულზე.