სინამდვილეში გიორგი რურუა წინააღმდეგობის ქვა არაა, ის არის ქვა, რომელსაც უნდა ჩაეჭიდონ და დღეს კრიმინალურ ოპოზიციას ჩასაჭიდი მხოლოდ ეს დარჩა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას აწყობს, რომ გიორგი რურუა ციხეში იჯდეს, რადგან ამით ისინი უფრო ბევრს იყვირებენ.
„არანაირ გიორგი რურუაზე არ არის საუბარი, პირიქით, მათ აწყობთ, რომ გიორგი რურუა, მათი კრიმინალური ლიდერი ციხეში იჯდეს, რადგან ამით უფრო ბევრს იყვირებენ. ის რომ გამოვა მერე რა?! მათ რეიტინგი არ მოემატებათ, ამითი სალაპარაკო აღარ დარჩებათ. დღეს ერთადერთი თემა, რომელსაც ეჭიდებიან არის გიორგი რურუა. თემა ძალიან მარტივია, სასამართლოს გადაწყვეტილებებში ვერავინ ჩაერევა. გამოძიება მიმდინარეობს და სასამართლო ლოგიკურ დასასრულამდე მივა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, ოპოზიციამ რურუა გამოკვეთეს ოპოზიციის ლიდერად, მაგრამ ის ლიდერზე უფრო მეტია, რადგან გარკვეულ საუბრებში ოპონენტებს წამოსცდათ, რომ ეს არის ადამიანი რომელსაც შეეძლო ქუჩაში წესრიგის დამყარება, ანუ მათ 90-იანი წლის მეთოდებით სურთ გავლენა ჰქონდეს მათ შორის საარჩევნო პროცესზე, რომელიც არ მოხდება.
კითხვაზე, ვინ არის მისთვის გიორგი რურუა, სოზარ სუბარმა ასე უპასუხა: „ჩემთვის ის არის ადამიანი, რომელიც კონკრეტულ დანაშაულზე განაჩენს ელოდება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.