„ჩვენ უნდა შევაფასოთ ხელისუფლება, რისი გაკეთება შეიძლებოდა და არ გააკეთა ან როგორ გააკეთა; ხელისუფლებამ უნდა დაანახოს საზოგადოებას ის, რასაც აკეთებს", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გასული წლების განმავლობაში ქვეყანაში ადამიანის უფლებების მხრივ მძიმე ვითარება იყო და კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა ციხეებში.
„შეგახსენებთ, რა ხდებოდა გასულ წლებში ჩვენს ქვეყანაში - უვარდებოდნენ ბიზნესს, ავიწროვებდნენ. ადამიანის უფლებების მხრივ მძიმე ვითარება იყო, ძალიან კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა ციხეებში. ერთ ჯგუფს ყველაფრის უფლება ჰქონდა, დანარჩენს - არაფრის. რა გაკეთდა ამ წლების განმავლობაში - ადამიანის უფლებების მხრივ ვითარება, მგონი ევროპის ქვეყნების მსგავსი არ არის, მაგრამ შესადარი გახდა. არავინ ავიწროვებს ბიზნესს. მაქსიმალურად ყველფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები ძალიან ახლოს იყოს ევროპულთან. ამ დროს ეკონომიკა ჩამორჩება ევროპის ქვეყნებს. ისეთ დისბალანსს, როგორიც დღეს საქართველოშია, სჭირდება განსაკუთრებულო ყურადღება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, თავისუფლებამ შეიძლება მოიტანოს ბევრი სიკეთე, მაგრამ ამ დროს ძალიან ბევრი ღარიბი და დაუსაქმებელია საქართველოში.
ექს-პრემიერის განცხადებით, მართული მედიის მიერ სიღარიბის წარმოჩენის მიზანია, ხელისუფლების ცუდად წარმოჩენა და გაჭირვებული მოსახლეობის პრობლემების ხელისუფლებისთვის გადაბრალება.
„ამ დროს ხელისუფლებას უნდა შეეძლოს, რომ დაეხმაროს ხალხს. ჩვენ უნდა შევაფასოთ ხელისუფლება, რისი გაკეთება შეიძლებოდა და არ გააკეთა ან როგორ გააკეთა. ხელისუფლებამ უნდა დაანახოს საზოგადოებას ის, რასაც აკეთებს. თუ კიდევ ერთხელ შევადარებთ სხვაობას ეკონომიკასა და ადამიანის უფლებებს შორის, ძალიან დიდია და ეკონომიკის უფრო სწრაფი ტემპებით განვითარება მოვახერხოთ. ჩვენ უნდა გადავლახოთ ეს დისბალანსი. არავის აზრადაც არ მოუვა, რომ ხელისუფლება კვირიკაშვილის მეთაურობით ჩაერევა ბიზნესის შევიწროებაში. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ კვირიკაშვილის მეთაურობით დღეს გვყავს მთავრობა, რომელიც იმართება საზოგადოებისგან, იმართება ბიზნესისგან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.