„ჩვენ არა ერთხელ გვისაუბრია იმაზე, თუ რა იყო მოლაპარაკებების შინაარსი და შესაბამისად, რა იყო ჩადებული იმ შეთანხმებაში, რომელიც გაფორმდა 8 მარტს. გერმანიის ელჩმა კიდევ ერთხელ მოჰფინა ყველაფერს ნათელი და ბუნებრივია და ლოგიკურია გიგა ბოკერიას და სხვა „ნაციონალების“ გაღიზიანებული კომენტარები ამასთან დაკავშირებით. ის, მისი მეუღლე და სხვა „ნაციონალები“ არიან უკიდურესად გაღიზიანებული. ისინი დღეს გამოირჩეოდნენ შეურაცხმყოფელი განცხადებებით, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ერთიანი პოლიტიკური ძალა „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი „ევროპული საქართველოთი“ და სხვა პარტიებით, არის ერთი დიდი ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა“, - ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების ასევე, გერმანიის ელჩებმა განცხადებები ღია გააკეთეს შეთანხმებასთან დაკავშირებით.
„პირველი ეს იყო ამ ფონზე, როდესაც რადიკალური ოპოზიცია კიდევ ერთხელ აცხადებს რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს ადასტურებს ერთადერთ რამეს, რომ მათ არ აინტერესებთ დასავლეთი, ისინი არიან ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა. მათი კომენტარები და რეაქციები ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, მათ შორის, გერმანიის ელჩთან დაკავშირებით მათი შეურაცხმყოფელი და უზრდელური კომენტარები არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე ფორმალურადაც ყალიბდება როგორც ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა. ეს არის შეუქცევადი პროცესი და საზოგადოება ამას ხედავს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ყოველი შემდგომი განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული წარმომადგენელი ადასტურებს რომ ისინი რეალურად არიან რუსული საქმის მკეთებელი რუსული პოლიტიკური ძალა.
„სააკაშვილის განცხადებაც ამის დასტურია, ბოკერიას დღევანდელი განცხადებაც ამის დასტურია, ზოგადად, მათი ბოლოდროინდელი განცხადებები და არა მარტო განცხადებები, მათი აქტივობები პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ „ნაცმოძრაობა“ 2004 წლიდან მოყოლებული, არის არა მარტო ზოგადად, რუსული საქმის მკეთებელი პოლიტიკური ძალა არამედ, პირდაპირ ის არის რუსული პოლიტიკური ძალა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.