„ქვეყანაში ჯერ კიდევ არაა დაძლეული არც სიღარიბე და არც უმუშევრობა, თუმცა ბოლო წლებში გვქონდა მათი შემცირების ტენდენცია,“ -განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
მისი განცხადებით, იმის თქმა, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა უარესდებოდა წლიდან წლამდე, არის ტყუილი.
"2017, 2018 და 2019 წლებში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები. 2019 წელს, ამ რეფორმებმა შედეგი გამოიღო და გვქონდა ეკონომიკის ჯანსაღი ზრდა. სიღარიბე მცირდებოდა და მცირდება ბოლო ათი წელია. არის დაძლეული? არ არის დაძლეული. უმუშევრობა მცირდება, მაგრამ არის იმ ნიშნულზე, რაც განვითარებულ ქვეყანას და ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანას სჭირდება? არა, მაგრამ შემცირების ტენდენცია იყო ძალიან კარგი.
თქვენ შეიძლება დიდი ზრდა გქონდეთ და ერთ წელს მნიშვნელოვნად შეამციროთ უმუშევრობა, მაგრამ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი თუ გაქვთ რეკორდულად მაღალი, ეს ნიშნავს, რომ ეს შემცირება ვერ იქნება მდგრადი. მაგრამ როცა ყველა პარამეტრით გაუმჯობესებაა, ეს ამავდროულად აისახება სოციალურ მიმართულებაზეც, არასაკმარისად, მაგრამ აისახება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია 2018- 2019 წლების მაჩვენებლები და განვითარების ამ პარამეტრებზე დაბრუნება,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭვარიანმა.