„დღეს, ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი უნდა იყოს: თავისუფალი, სამართლიანი, დემოკრატიული საზოგადოება და სწრაფი, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა“- ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში მოისმინეს.
ირაკლი კოვზანაძემ იმ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ამ მოწვევის პარლამენტმა მთავრობასთან ერთობლივი მუშაობით გაატარა. მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტს რთულ პერიოდში უწევს საქმიანობა, ისევე როგორც მთელ ქვეყანას ცხოვრება.
„რეფორმები და სწორი საბიუჯეტო პოლიტიკა ბოლო პერიოდში, ისევე როგორც 2019 წელს, იყო პირობა იმისა, რომ შეგვემცირებინა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, გვქონოდა სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რამაც მოგვცა საშუალება დღეს არსებულ რთულ ვითარებაში, საერთაშორისო ინსტიტუტებისაგან დროულად მოგვეზიდა ფინანსური რესურსები. რაც გვაძლევს საშუალებას დავაბალანსოთ დანაკლისები სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც გუშინ დავამტკიცეთ და დავაფინანსოთ ანტიკრიზისული პროგრამა“- აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.
მისი თქმით, საფინანსო სფეროში რეფორმები გვაძლევს საშუალებას შევამციროთ პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური ეფექტი და ამავდროულად შევქმნათ საშუალება , რომ სწრაფად გამოვიდეთ რეცესიიდან. რაც შეეხება რეფორმების ჩამონათვალს მათ შორის არის:
მოგების გადავადებული გადასახადი (ე.წ. ესტონური მოდელი), დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, საპენსიო რეფორმა, კომერციული ბანკების არაპროფილური აქტივების გამიჯვნა, არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებების ზედამხედველობის საკითხი, კანონი კომერციული ბანკების რეზოლუციის თაობაზე. გარდა ამისა, კანონები ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვის და დერივატივების შესახებ და უმნიშვნელოვანესი კანონპაკეტი, „საინვესტიციო ფონდების“ შესახებ, რომელიც, აქამდე 8-9 წელი „ბუქსაობდა“, ამ დღეებში დასრულდება და საბოლოოდ დამტკიცდება.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტი და მთავრობა, უკვე განხორციელებულ რეფორმებზე დაყრდნობით გამოიყვანს ეკონომიკას ჯერ კონსერვაციიდან, ხოლო შემდეგ კი რეცესიიდან. გააგრძელებს ამ რეფორმებს და უზრუნველყოფს სწრაფ ეკონომიკურ წინსვლას, რაც ირაკლი კოვზანაძის თქმით, სწორედ საზოგადოების დაკვეთაა.