logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ოპოზიციას არ აწყობს ის ტემპი, რომელიც აღებული აქვს ხელისუფლებას
- +

26 ივნისი. 2020. 22:24

 

 

 

მთავარი ხაზი, რაც გასდევდა  პრემიერ-მინისტრის მოხსენებას, ორი თემაა. პირველი ისაა, რომ საქართველოზე მზრუნველი მთავრობა არ ფიქრობს იმაზე, რომ რაღაც პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს იმისაგან, რასაც ახლა აკეთებს, რადგან სიტუაცია მართლაც რთულია ჯანდაცვის მიმართულებით, ეკონომიკის მიმართულებით და არავის უთქვამს, რომ არ არსებობს პრობლემა და არ არსებობენ რეალური ადამიანები, რომელთაც ჩვენგან დახმარების ხელი სჭირდებათ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ  პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  ანგარიში წარმოადგინა.

 

 

მისი თქმით, ვითარებას ართულებს ისიც, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ  წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიიღო ადამიანების კოლოსალური რაოდენობა, რომლებიც, პრაქტიკულად, გაძარცვეს ან იძულებული გახადეს დარჩენილიყვნენ ღარიბებად, რადგან გადასარჩენი ჰყავდათ ოჯახის წევრი უსამართლო სასამართლოსგან  ან სიკვდილისაგან.

 

 

ჩვენი პოლიტიკური ძალის მთავარი იდეა არის ის, რომ რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა განვითარდეს ისტორიული პროცესი, ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ჩვენმა შვილებმა ერთ სკოლაში, ერთ საბავშვო ბაღში  უნდა იარონ და ერთ სამშობლოში უნდა იცხოვრონ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

მისი თქმით, დღეს კიდევ ერთხელ გამოვლინდა, რომ არანაირი არაფორმალური მმართველობა არ არსებობს.

 

 

 

ჩვენ კი ვიცოდით, მაგრამ ოპოზიციამაც დაინახა და მათი გამწარება ამითაა გამოწვეული. ვისაც უტევდნენ - ბიძინა ივანიშვილს, ის არ პასუხობდა იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავინახოთ ყველამ, რომ ამას არა  პასუხები  და რიტორიკა, არამედ საქმე სჭირდება. ყველაზე კარგი პასუხი იყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ჩვენ თავიდანვე შევუდექით და ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ჩამოყალიბდა მართვის სისტემა, რომელიც დღეს ძალიან რთულ პირობებში ხელმძღვანელობს საქართველოს. პრემიერ-მინისტრი თავის ადგილზეა, განაგებს, კომპეტენტურია და სისტემა არის ჩამოყალიბებული. დამისახელეთ რომელიმე დარგი, რომელსაც ფეხი აერია ამ ურთულეს სიტუაციაში.  ახლა მიადგნენ უშიშროებას“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.  მისი თქმით, ოპოზიციას არ აწყობს ის ტემპი, რომელიც აღებული აქვს ხელისუფლებას.

 

 

გადავხედოთ სიტუაციას და შევაფასოთ თითოეული სამინისტრო. აქედან გამოვიდეთ, როცა ვსაუბრობთ, კარგი მთავრობა  გვყავს თუ არა. კარგი მოხსენება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა თუ არა.  იყავით სიღრმისეული ანალიზის მოყვარულები და არჩევნებისას სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ“, -მიმართა მოსახლეობას საპარლამენტო ტრიბუნიდან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.​

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner