„დღეს, პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იყო ნამდვილი მასტერკლასი. კიდევ ერთი - ნოკაუტი და ნოკდაუნი ამ კრიმინალური ოპოზიციისთვის და მთლიანად ოპოზიციისთვის. მე ორი ფილმი გამახსენა დღევანდელმა გამოსვლამ - ერთი ეს არის „ფეოლა“ და მეორე ეს არის „სერენადა“. ოპოზიცია ძალიან ჰგავს ცნობილი ქართული ფილმის გმირს, რომელსაც ყოველ ჯერზე სცემენ და რომელთაც ძალიან უხარიათ ეს ცემა, მაზოხიზმში აქვთ გადასული მათ უკვე ეს აბსოლუტურად გაუგებარი ქმედებები, რომელსაც ისინი ახორციელებენ პარლამენტში თუ მის გარეთ. ამის ერთადერთი მიზეზი არ არის ის, რომ თქვენ ხართ ნამდვილად უნიჭოები და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი - ამორალურები. უნიჭობა და ამორალურობა არის თქვენი დამახასიათებელი ნიშნები“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც გიორგი გახარიას მოუსმინეს.
მისი თქმით, ოპოზიციას არაფერი აქვს სათქმელი დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან, ეკონომიკასთან, სოციალურ თემატიკასთან, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით.
„გარდა იმისა, რომ ხართ ამორალურები და აკეთებდით რუსულ საქმეს, მთელი ამ წლების განმავლობაში, თქვენ იყავით აბსოლუტურად უნიჭოები და არაეფექტიანები მათ შორის, ეკონომიკის და სოციალურ სფეროებში. თქვენი პოლიტიკის მახასიათებელი იყო ის, რომ არაფერში გაინტერესებდათ ადამიანი. ადამიანი თქვენთვის არ იყო ღირებულება და ეს გამოიხატებოდა ადამიანის უფლებების უხეშ ხელყოფაში და ეს გამოიხატებოდა თქვენს ასოციალურ სოციალურ პოლიტიკაშიც. თქვენი საგარეო პოლიტიკური მოღვაწეობა იყო ის, რომ ჩააბარეთ რუსეთის ფედერაციას საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი. საქართველოს ტერიტორიების 20% და მერე ხელი მოეწერეთ „აღიარებით“ რეზოლუციას ამასთან დაკავშირებით. სირცხვილია, როდესაც თქვენ საუბრობთ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ეს არის ნამდვილი სირცხვილი და საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ არ გვიკვირს ის, რომ ნაცვლად კონსტრუქციული დისკუსიისა, ამ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ჩვენ ვისმენთ და ვხედავთ მხოლოდ და მხოლოდ ისტერიკას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, სწორედ ამის დასტური და ერთ-ერთი გამოძახილი იყო ისიც, რომ დღეს გიგა ბოკერიამ გერმანიის ელჩის მიმართ არა შეურაცხმყოფელი, არამედ უზრდელური განცხადება გააკეთა.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა პრემიერს გუნდს მადლობა გადაუხადა დიმისათვის რომ ის ყოველ ჯერზე ცდილობს, ნაცვლად ამ პოლიტიკური უსაგნო საუბრისა, აქცენტი გააკეთოს საქმეზე და იმ საქმეების კეთებაზე რომელიც ქვეყნისთვის და ხალხისთვის არის მნიშვნელოვანი.
„ჩვენ დავრჩებით ჩვენთვის წესრიგში, რაც ნიშნავს იმას რომ ორიენტირებული უნდა ვიყოთ საქმის კეთებაზე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და სწორედ ასეთი პროგრამით წარვდგებით ჩვენი საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.