„პრემიერ-მინისტრის ანგარიშში, ეკონომიკისა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართულებით გამოვყოფდი ბოლო 12 თვეში ყველაზე მნიშვნელოვან რამდენიმე მიმართულებას და მიღწევას - ეს არის, რა თქმა უნდა, ის, რომ 2019 წელს გვქონდა ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, გამოვყოფდი ასევე რეფორმებს, რისი შედეგიც იყო, რომ როდესაც გავიჭირდა, ძალიან სწრაფად დაგვიდგა გვერდში დონორთა საზოგადოება, მაგრამ პირველ რიგში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც ხაზგასასმელია, არის ის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდა ქართული, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის პრიორიტეტი“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი ანგარიშის შეფასებისას განაცხადა
მინისტრის თქმით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ იქცა ძალიან მძლავრ ბერკეტად, პროგრამად, რომელიც, პრაქტიკულად, მოიცავს ყველა ბიზნესექტორს.
„ანტიკრიზისული ბიუჯეტის ფარგლებში პროგრამის ბიუჯეტიც გაიზარდა და თითქმის ნახევარ მილიარდ ლარს აღწევს. ამ პროგრამის ეგიდით შეგვიძლია დავეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესს ( პროგრამა, ძირითადად, ამისკენ არის მიმართული), დავეხმაროთ ქართულ წარმოებას, რომელიც ასევე ქართული რესურსების გადამუშავებაზე არის ორიენტირებული. რა თქმა უნდა, ჩვენი პროდუქცია ექსპორტზეც უნდა გავიტანოთ, მაგრამ, პირველ რიგში, საკუთარ ბაზარს უნდა მივაწოდოთ კონკურენტუნარიანი პროდუქცია კონკურენტუნარიან ფასად. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან მიმართულებებს, რომლებზეც პრემიერმა პარლამენტის წევრების წინაშე ისაუბრა.
„ანგარიშში საუბარი იყო დაჩქარებულ პრივატიზაციაზე, წიაღისეულის ლიცენზიების დაჩქარებულ გაცემაზე, შემცირებულ ბიუროკრატიაზე, იმაზე, რომ გვექნება ერთიანი „ფრონტ-ოფისი“, რომელიც იუსტიციის სახლებში გაიშლება და ადამიანებს, რომლებსაც, მაგალითად, ექნებათ მიკროგრანტის მიღების ან პროგრამის ფარგლებში რომელიმე სხვა დახმარების მიღების სურვილი, არ უწევდეთ თბილისში ჩამოსვლა. ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთი დიდი პროგრამის ნაწილია - ჩვენ უნდა დავეხმაროთ და ავაღორძინოთ ქართული წარმოება. უახლოეს წლებში ნომერ პირველი ამოცანა ქართული წარმოების აღორძინებისა და განვითარების პროცესში სამუშაო ადგილების შექმნა იქნება“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.