საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა ფონდ „ჰერითიჯის“ ელისონების სახელობის საგარეო პოლიტიკის შემსწავლელი ცენტრის დირექტორს, ლუკ კოფის ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა.
ვიდეოკონფერენციის ფარგლებში მხარეებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა განიხილეს.
კახა კუჭავამ ისაუბრა პარლამენტში მიმდინარე პროცესებსა და დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლის მესამე მოსმენაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ორშაბათს, 29 ივნისს არის ჩანიშნული. ამ თემასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ასევე აღნიშნა 8 მარტს პოლიტიკური ძალების მიერ მიღწეული შეთანხმებაც და ყურადღება გაამახვილა გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც იგი მოუწოდებს ყველა მხარეს, იხელმძღვანელონ 8 მარტს მიღწეული შეთანხმებით, შეასრულონ მისი პირობები და მონაწილეობა მიიღონ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის პროცესში. საუბარი ასევე შეეხო საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლებიც ითვალისწინებენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციებს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აგრეთვე მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს მუდმივი და ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი რჩება ქვეყნის საიმედო მოკავშირედ და მეგობრად, რომლის თანადგომაც განსაკუთრებით იგრძნობა რთულ ვითარებაში. ამ მხრივ, ასევე აღინიშნა, რომ ბოლო გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 90% შეერთებულ შტატებს მეგობარ ქვეყნად და მოკავშირედ მიიჩნევს. ლუკ კოფიმ აღნიშნა საქართველოს მიმართ აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა და დასძინა, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, ქვეყანა აშშ-ის დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს ინარჩუნებს.
ლუკ კოფიმ, თავის მხრივ, იმედი გამოთქვა, რომ მომავალი არჩევნები ჩატარდება მშვიდ და სამართლიან გარემოში, ხოლო კახა კუჭავამ ხაზი გაუსვა იმ დამატებით რეკომენდაციებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა აშშ-ის ელჩის ჩართულობით შეიმუშავებს და რომელიც მიმართული იქნება მოსახლეობისათვის საარჩევნო პროცესის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისაკენ.
საუბრისას ასევე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის კიბერუსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის მნიშვნელობასა და რუსეთისგან მომდინარე დეზინფორმაციასთან ეფექტიან ბრძოლაზე.
კახა კუჭავამ ხაზგასმით აღნიშნა აშშ-სთან ამ მიმართულებით მუდმივი მუშაობის მნიშვნელობა, რადგან კიბერუსაფრთხოება ქვეყნისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, განსაკუთრებით, არჩევნების პერიოდში.
საუბრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს სურვილი განაგრძონ ტრადიციულად აქტიური თანამშრომლობა საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო.
ვიდეოკონფერენციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს: აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით ბაქრაძემ; პარლამენტის თავმჯდომარის სამდივნოს მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, ნინო ფანჯიკიძემ და აშშ-ში საქართველოს საელჩოს მრჩეველმა, ლევან ხურციძემ.